კახი კალაძე: პრეზიდენტი დაკავებულია თავისი პოლიტიკური კომპლექსებით, ჯინიანობით
ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე პრემიერის კახი კალაძის შეფასებით, პრეზიდენტი პოლიტიკური კომპლექსებით არის დაკავებული, რაც მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება.
მინისტრისთვის გაუგებარია გიორგი მარგველაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. როგორც კალაძე აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი სწორედ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
„მემგონი ჯერ კონსტიტუციაში ცვლილებები არ შესულა, იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კანდიდატურა წარმოადგინოს ოჯახმა, სამეზობლომ ან საძმაკაცომ. მისი კანდიდატურა წარმოდგენილი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ და შესაბამისად მან წარმატებასაც მიაღწია და გახდა პრეზიდენტი.
მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სიმშვიდის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთობის გარანტი, თუმცა იმ დღიდან როდესაც ის გახდა ქვეყნის პრეზიდენტი დაკავებულია თავისი პოლიტიკური კომპლექსებით, ჯინიანობით, რაც რა თქმა უნდა, არც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის არ იქნება სასარგებლო“, – აცხადებს კალაძე.