გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. მათივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას დაეთმო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს აღნიშნულ ფაქტი და საქართველოს მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ელმარ ბროკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი გეგმავს, მოინახულოს ის საზღვრისპირა სოფლები, სადაც ფირნიშებია აღმართული და სურს ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესახებ და ყურადღება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს.
საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც შეეხო. როგორც ელმარ ბროკმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პარტიის – “ევროპის სახალხო პარტიის”, “სოციალ დემოკრატთა პროგრესული ალიანსის”, “ლიბერალ- დემოკრატთა ალანსის”, “ევროპულ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის” წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები