ელმარ ბროკი – საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა

საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი ტემები საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო. ელმარ ბროკი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს.
მთავრობის მეთაურმა დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე მიუთითებს.
მხარეებმა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიმდინარე კვირას შედგა.
შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული არჩევანისა და პერსპექტივისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები