„ფოტოსურათი ყავასავით ცხელი და კონიაკივით ძველი უნდა იყოს…“

„სულ დავდივარ და ვცხოვრობ, ცხოვრების ჯანსაღი წესით. არ ვეწევი, ვსვამ ზომიერად და არ ვარ ნარკოტიკების მომხმარებელი… როცა ასეთი ცხოვრებით ცხოვრობ ადამიანი, ამაყობ, ყოველდღე სხვადასხვა პროექტის განხორციელების სურვილი გიჩნდება და ბევრსაც დადიხარ. ვგრძნობ უპირატესობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი წესით…“ – ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

– როგორ  დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
– 2000 წლიდან ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. „დილის გაზეთში“ ვმუშაობდი, ოპერატიულ, ახალ ამბებზე ვწერდი. ერთ დღეს გაზეთის ფოტოკორესპოდენტი პარლამენტში გაუშვეს, მე კი ფოტოაპარატი მომცეს და მის მაგივრად წავედი გადაღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მემუშავა, ფოტოები მოეწონათ. თუმცა გამომადგა თეატრალური ინსტიტუტის (პროფესიით კინო სცენარისტი ვარ) და ტელევიზიის გამოცდილება. მერე კოლეგებისგან ვსწავლობდი. ახლა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ძალიან საინტერესო წიგნი „ფოტოგრაფია დამწყებთათვის“ გამოსცა, რომლის კონსულტანტადაც მიმიწვიეს. თავის დროზე რომ ეს წიგნი მქონოდა, უფრო ადვილად გავივლიდი ადაპტაციას.10955403_812629748786079_962367856_n
– რატომ არის ფოტოგრაფია საინტერესო?
– ჩემთვის სამი რამის გამო აღმოჩნდა ფოტოგრაფია საინტერესო: დაკვირვების უნარი გამომიმუშავა, მეორე – მკვეთრი გამოხატვის საშუალებაა და მესამე – უფრო მეტია ანაზღაურება, ვიდრე წერით ჟურნალისტიკაში. როდესაც მე ფოტოგრაფიაში დავიწყე მუშაობა, ძალიან ცოტა ფოტოკორესპონდენტი იყო საქართველოში. რაც ჩემთვის კარგი საშუალებაა, ვიყო ყოველთვის ფორმაში და განსხვავებული თემები ავირჩიო სამუშაოდ.
– ერთ ჟანრში არ მუშაობ…
– მოდებული ვარ ყველაფერს. სტუდიაში  სარეკლამო დაკვეთის შემთხვევაში ვმუშაობ. ისე, სტუდიური ფოტოგრაფია მაინტერესებს. მე ფოტოგრაფიაში რეალურის ასახვა მიზიდავს. ჩემი საყვარელი თემებია: დოკუმენტური ფოტოგრაფია, ყოფითი ცხოვრება, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ასახვა და ადამიანები. ადამიანი არის გარემოს ყველაზე კარგი სახე. მისი ჩაცმულობა, ხასიათი, თმის ფერი, თავსაბურავი, ფეხსაცმელი, გარემო, სადაც ის ცხოვრობს, საინტერესო და ბევრის მთქმელია.
– მუშაობ ფერად ფოტოზე…
– მე მესმის მათი, ვისაც შავ-თეთრი ფოტოგრაფია მოსწონს. მათი აზრით, შავ-თეთრი ფოტო უფრო დრამატულია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ფერადი ფოტოგრაფია უფრო რთულია. მე კი სირთულე მიყვარს. ამასთან, ფერის განსაზღვრა, დალაგება, გადმოცემა უფრო საინტერესოა. დაახლოებით ასეა – საღამოს წვეულებისთვის ქალები, ძირითადად, მუქი ფერის ან შავ კაბას არჩევენ, მამაკაცები – შავ შარვალს, პიჯაკს და თეთრ პერანგს, რადგან რთულია ფერადი ტანსაცმლის შერჩევა. ასევე რთულია, ფერადი ფოტოგრაფიით  სიმძაფრის გადმოცემა. ზოგადად, ფერები მიყვარს. ორჯერ გავაკეთე გამოფენა: „ნათელი ფერები ჩვენს ცხოვრებაში“ და მოსაწვევზე ეწერა, რომ შავ-თეთრი ტანსაცმლით გამოფენაზე არავინ მოსულიყო. ჩემთვის მძიმეა მუქი ფერები და ვთვლი, რომ ახალგაზრდებს არ უხდებათ.10928659_812629682119419_309580771_n
– ფოტოგრაფია და ფოტოხელოვნება…
– ვინც ამბობს, რომ ფოტოგრაფია ფოტოხელოვნება არ არის, ის უბრალოდ უვიცია. მან არც კინო იცის, არც მუსიკა და არც თეატრი. საერთოდ, ნებისმიერი საქმიანობა არის ხელოვნება და მათ შორის ფოტოგრაფიაც.
– შენი აზრით, რა მდგომარეობაა საქართველოში ფოტოხელოვნების კუთხით…
– საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა ფოტოგრაფია. უძლიერესი ფოტორეპორტიორები გვყავს. ადრე ტექნიკის პრობლემა იყო. კარგი ფოტოობიექტივი კამერისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მანქანისთვის კარგი საბურავები. თუმცა დღესდღეობით ეს პრობლემაც მოგვარდა. ფოტოაპარატების ხარისხი სწრაფად გაიზარდა და ამან ფოტოგრაფიის ხარისხიც გაზარდა. თვითონ შემოქმედებითი თვალსაზრისით ქართული ფოტოგრაფია ძალიან კარგია. ერთმანეთზე უკეთესი ფოტოგრაფები გვყავს. იური მეჩითოვზე და გურამ წიბახაშვილზე ლაპარაკი აღარ არის. მათი დამსახურებაა, რომ ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებად გაიცნეს და პასპორტის სურათის დონეზე არ დარჩა, თუმცა პასპორტის სურათის გადაღებასაც ცოდნა სჭირდება.
ფოტოგრაფიას აქვს კარგი უნარი, სწრაფად და თვალნათლივ ასახოს მომხდარი, სწრაფად გადმოსცეს ინფორმაცია. ამიტომ მთელს მსოფლიოში მოთხოვნადი და ძვირად ღირებული გახდა. საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და თუ ლარის კურსზე მოქმედებს გლობალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ფოტოგრაფიაზე მოქმედებს გლობალური ფოტოგრაფიული წინსვლები თუ დაღმასვლები.10872251_812629745452746_262973874_n
– როგორი უნდა იყოს კარგი ფოტოსურათი?
– ფოტოსურათი  ყავასავით ცხელი და კონიაკივით ძველი უნდა იყოს. ყავასავით ცხელი ნიშნავს, რომ სწრაფად მიაწოდო ახალი ინფორმაცია, კონიაკი, რაც უფრო ძველია, უფრო კარგია  და ძველი ფოტოც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხდება. თუ ფოტოგრაფი ამას პასუხობს, მაშინ მისი ფოტო ყოველთვის გაიყიდება.
– ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელზეც იმუშავე…
– ძალიან ბევრ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ გამორჩეული რამდენიმე მაქვს: პროექტი – „100 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოში“, რომელზეც 2004 წლიდან ვმუშაობ. 120 ადამიანი გადავიღე. ახლა, კორეის ტელევიზია თიანეთში მიმყავს, სადაც ხუთ ადამიანს გადავიღებთ. მეორე პროექტია: „საქართველო შოუმფრენით გადავიღე“. ამ პროექტზე 2002 წლიდან ვმუშაობ და 118 საათი ვიფრინე საქართველოს თავზე. მესამე პროექტი არის: „მსოფლიოს იუნესკოს ძეგლები“. ძალიან ბევრი ძეგლი გადავიღე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. არის კიდევ ასეთი პროექტი – „საქართველოს გზები და ხიდები“. ვიღებ საქართველოს აივნებს. ძალიან ლამაზი აივნები გვაქვს თუშეთში. თუშური აივნები ასახავს ადამიანების ყოფასაც და ცხოვრების წესსაც. აგრეთვე სამეგრელოში, სიღნაღში, სოფელ ჭყვივში ულამაზესი იმერული აივნები გვაქვს.
– ყველაზე საინტერესო ქალაქი…
– მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი აღმოჩნდა, რომელმაც თავი შემაყვარა: სტამბოლი, მიუნხენი, ლისაბონი, პეტერბურგი, ფლორენცია და ა.შ. ძალიან მინდა ჩიკაგოს და ნიუ – იორკის ნახვა. ცათამბჯენებს ვიღებ და ჩიკაგო არის ის ქვეყანა, სადაც  საერთოდ ცათამბჯენები დაარსდა.
– გამოფენები და კონკურსები…11004214_812629742119413_958011372_n
– კონკურსები არ მაინტერესებს და არ ვმონაწილეობ. აღიარება დიდი შრომით მოდის და არა ერთჯერადი ჯილდოს მიღებით. ამიტომ, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ჯილდო შრომის შედეგია.
გამოფენები ყოველ წელს მაქვს, მათ შორის საზღვარგარეთ, პერსონალური. ძალიან მინდა, პროექტი „100 წელს გადაცილებული ადამინები“ მთელს მსოფლიოში გამოიფინოს. ნახონ, რომ საქართველო მდიდარია თავისი ბუნებით, ჰაერით, წყლით, რძის ნაწარმით, ღვინით და არაყით, რომ საქართველო პროცენტულად პირველ ადგილზეა, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ. ეს ჩვენი ქვეყნის ნიშაა. ამან შეიძლება არა მხოლოდ ტურიზმი განავითაროს, სოფლის მეურნეობაც წაახალისოს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ მივაწოდე ისე ინფორმაცია კულტურის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტს,  რომ დაინტერესებულიყვნენ.
– პროფესიით კინოსცენარისტი ხარ. რას გეგმავ?
– წერა მიყვარს და ახლაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. სულ ვამბობ და ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ფოტოგრაფია არ არის ჩემი ბოლო გაჩერება, აუცილებლად გადავჯდები, გამოვიცვლი მატარებელს, რომელსაც წერა ჰქვია. ჯერ ის ემოციური მომწიფება არ არის ჩემში, რომელმაც სწორად უნდა გადმომაცემინოს გამოცდილება, რაც უკვე ცხოვრებისგან მივიღე. რაღაცებს ვწერ მაგრამ, ჯერ კიდევ არ არის ის, რის გამოც მატარებელი უნდა გამოვიცვალო.

მზევინარ ხუციშვილი

11004000_812629708786083_681611189_n

11004468_812629758786078_1078624589_n

11004515_812629772119410_1118002196_n

11004878_812629765452744_907590770_n

11005979_812629768786077_605672731_n

11008921_812629675452753_873756770_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები