ტრაგედია ახალციხეში – “საშინელება ხდება, ერთ ოჯახში ორი მიცვალებულია”

ტრაგედია დატრიალდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში. 23 ივლისს დაახლოებით 15:00-დან 17:00 საათამდე მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა წყალმა წაიღო, ექვსიდან სამმა – ორმა გოგონამ, 21 წლის ვერიკო ზედგენიძემ , 20 წლის მარიამ ფოცხიშვილმა და მისი ძმამ 17 წლის გიორგიმ წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს და დაიღუპნენ. ოჯახი, რომელმაც ერთდროულად ორი შვილი უნდა გამოიტიროს, ახლა მხოლოდ შვილიშვილის იმედად რჩება. მარიამს ერთი მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე დარჩა. რაც შეეხება ახალციხეში ჯავახეთიდან სტუმრად ჩამოსულ ვერიკო ზედგენიძეს, ამ გოგონას შესახებ ფოცხიშვილების მეზობლები და ოჯახის ახლობლები ინფორმაციას არ ფლობენ. “სამხრეთის კარიბჭე” იმ ახალგაზრდების კომენტარებს აქვეყნებს, რომლებიც გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდნენ მდინარეზე.

ხვიჩა ნაზარეტიანი:
“შუადღეს წავედით, თავიდან ისინი (სამ გარდაცვლილს გულისხმობს “ს.კ”) ნაპირთან იყვნენ, რადგან ცურვა არ იცოდნენ. მერე შევიდნენ ღრმა წყალში, უკან უნდოდათ გამოსვლა, მაგრამ ვეღარ გამოვიდნენ. სამივე ადგილზე ჩაიტანა წყალმა და ჩაძირა. ამ ადგილზე პირველად ვიყავით. არ ვიცოდით, წყალი ღრმა რომ იყო, უცებ ჩავარდნენ. რომ შევბრუნდი, უკვე იძირებოდნენ, მარტო ხელები ჩანდა.”

არჩილ ინასარიძე: “ორი იხრჩობოდა და ორივე ხელებზე ჩამომეკიდა, უცებ ჩავარდნენ, ერთის გამოყვანა შევძელი, მეორეზე რომ შევტრიალდი, აღარ ჩანდა. ცურვა მარტო მე ვიცოდი, დანარჩენებმა – არა.”

გიორგი დიასამიძე (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში გამგებლის წარმომადგენელი):

– გარდაცვლილი გოგონა, მარიამი, რუსთავშია გათხოვილი და შვილის თანხლებით მშობლებთან დასასვენებლად იყო ჩამოსული. მეზობლებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, წელამდე წყალი ყოფილა, ცურვა არ სცოდნიათ და წყლის სიღრმეში არც შევიდოდნენ. როგორც ვიცი, წყალში ორმო იყო და იქ ჩაცვივდნენ, შემდეგ გოგონები დინებამ გაიტაცა. ამის შემხედვარე, მარიამის ძმამ წყალში შეცურა, დახმარება უნდოდა, მაგრამ უფრო დიდი საშინელება მოხდა. სამივე მათგანი დინებამ გაიტაცა. სამწუხაროდ, ვერც მეზობლებმა უშველეს და ტრაგედიაც დატრიალდა. საშინელება ტრიალებს ფოცხვერაშვილების ოჯახში. მამა მწყემსია, დედა – დიასახლისი, სოფლის ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთი უბრალო, წესიერი ოჯახია…

კარლო ზირააბიანი, ფოცხიშვილების ნათესავი:

– საშინელება ხდება, ერთ ოჯახში ორი მიცვალებულია. ჩემს თვალწინ გაიზარდნენ, ანგელოზივით ბავშვები წყალმა იმსხვერპლა. განადგურებულები არიან მშობლები, მარიამის და გიორგის გარდა მეტი შვილი აღარც ჰყავთ. მათი ერთადერთი იმედი, ვის გამოც უნდა იცხოვრონ, მარიამის პატარა ბიჭუნაა. შვილები, მეზობლებთან ერთად, მდინარეზე გაუშვეს და უკან ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა. გული მტკივა მათ უბედურებაზე ფიქრით. ღმერთმა აშოროს ყველა ოჯახს ასეთი საშინელება…

უბედური შემთხვევის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი მტკვარის დონის მომატება გახდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ადგილობრივებმა კატეგორიულად უარყვეს.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები