საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო, საარჩევნო, ასევე საჯარო სამსახურის რეფორმების მნიშვნელობასაც. ჰოვარდ დინმა ყურადღება გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი – საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე საქართველოში საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.