„მამულიჩას“ ინტერესებს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის კახა მამულაშვილის – „მამულიჩას“ ინტერესებს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს.
სააპელაციო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულ კახა მამულაშვილს ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი და ირმა ჭკადუა დაიცავენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავად ირმა ჭკადუამ დაუდასტურა.
როგორც „კვირას“ ჭკადუამ განუცხადა, ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების გასაჩივრების განაცხადი სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში მისი ხელმოწერით დაფიქსირდა.
ირმა ჭკადუას განცხადებით, იგი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში ორ დღეში ჩამოვა.
„ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები, ორ დღეში ჩამოვალ და სასამართლოსაც დავესწრები. სააპელაციო სასამართლოში ჩემი ხელმოწერით შევიდა განაცხადი, სანამ ამერიკაში გავემგზავრებოდი, მანამდე გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შესახებ. რა, ამერიკაში კი არ დავბადებულვარ“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილის ოჯახის წევრებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც „კვირას“ სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული კახა მამულაშვილის ადვოკატის განცხადება სააპელაციო სასამართლოში გუშინ დღის ბოლოს შევიდა. სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადი ჯერ განხილვის პროცესშია და რომელ მოსამართლეს დაეწერება საქმის განხილვა, ამ ეტაპზე უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება, ბრალდებულის მეუღლეს ლელა წურწუმიას – „ამ საკითხზე, აქ აღარ დარეკო, გესმის?!“ – თქვა ლელა წურწუმიამ და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა 18 ივლისს დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით). სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს განახლდება.