ჯემალ ჭკუასელი: დიახ, წავიდოდით კრემლში და ვიცეკვებდით!
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის განცხადებით, ანსამბლის წევრებს მოსკოვში კიდევ ჩაიყვანდა და კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს კვლავ გამართავდა.
როგორც ჯემალ ჭკუასელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მოსკოვში გასტროლებს უპირველესად ქართულ დიასპორისთვის მართავს.
„როცა ლენინგრადი ალყაში იყო მოქცეული, კონცერტებზე გერმანელი ბეჰოვენის მეცხრე სიმფონიასაც ასრულებდნენ. რა, მოღალატეები იყვნენ თავისი ქვეყნის? რა დავაშავე, თუ კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში „ჩაკრულო“ ვიმღერე?! სხვათა შორის, საქართველოში დაბრუნებულს უწმინდესმა დამირეკა და მთელი ანსამბლი სამებაში დაგვიბარა – თქვენ გააკეთეთ ის, რაც უნდა გაგეკეთებინათო, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ჩემთვის ყველაფერია. ულაპარაკოდ! დიახ, წავიდოდით და ვიცეკვებდით! იქ, პირველ რიგში, ჩვენი თანამემამულეების გასახარებლად ჩავიდოდით – დიასპორას ვეფერებით! ერთი თვის წინაც გვქონდა მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ ორ კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ და ამისთვის წასვლა არ ღირდა. თამამად ვამბობ – თუ საშუალება მოგვეცემა, 10 კონცერტი მაინც გავმართოთ, აუცილებლად ჩავალთ და ჩავატარებთ. 80 წლის კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს – კარგიც და ცუდიც, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ და იყვირონ. რამდენიც უნდათ, იმდენი იძახონ – სამშობლო მოღალატე არისო, მათ მაინც არ ავყვები! ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და ვაკეთებ! ხელოვნება არის საზღვრებს გარეშე!“ – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.