ხათუნა ხოფერია: ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა!
„ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა!” – აცხადებს ზურაბ ჟვანიას მეგობარი და ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც ხათუნა ხოფერია გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის მისი დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის ჩვენება, სასამართლო ინსტიტუტის ძირის გამოთხრა იქნება.
„თუ ეს ნაბოდვარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაიჯერეს, ეს ამ ინსტიტუტის ძირის გამოთხრა იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ზურა მოკლულია. მას ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება სიკვდილის მერე იყოს მიღებული. თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა. ხარშილაძეს კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია, რათა ახლა ეს სიბინძურე ეთქვა. დიახ! ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა! ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და მას წერტილს დაუსვამს”, – განაცხადა ხოფერიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების პირობებში, ჩვენება საჯაროდ და პირველად, რამდენიმე დღის წინ მისცა. მისი თქმით, “იმ სახლში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, ისინი შიშვლები ნახა”.