თბილისის ზოოპარკში ლომების ოჯახი გაერთიანდა (ვიდეო)
თბილისის ზოოპარკში ლომების ოჯახი გააერთიანეს. დედა ლომი – ნალა და ბოკვერები ცალკე ვოლიერში იზრდებოდნენ, ახლა კი ისინი უკვე მამასთან – სიმბასთან შეასახლეს. კარის გახსნიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა ბოკვერმა გაბედა მამასთან გასვლა… მამაც იქვე დახვდა. პატარა მაშინვე დაუწვა ფეხებთან და თამაში დაუწყო. მალევე გამოვიდნენ დედა და ორი ბოკვერიც და სიმბას ირგვლივ დაიწყეს ტრიალი. მამა ლომი დაბნეული ჩანდა. ოჯახის შეერთების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა დედამ. ნალა ბოლომდე მამასა და შვილებს შორის იდგა და დაძაბულობას ანეიტრალებდა.
ახლა ნალა და სიმბა ნაშიერებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ და სულ მალე ახალ, დიდ ვოლიერშიც გადაბარგდებიან.