“ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს”

ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმების სისტემა უფრო მეტად გამჭვირვალე გახდება, რაც უწყების მიმართ ნდობას აამაღლებს.

“მოწესრიგდება საჯარო სამსახურში დასაქმების სისტემა, იგი გახდება უფრო გამჭვირვალე და უზრუნვეყოფს საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებას საჯარო სექტორის მიმართ. საჯარო სასმახურში დასაქმებულ მოხელეს ექნება მყარი გარანტიები, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეს გათავისუფლება დაექვემდებარება მხოლოდ კანონში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს, წესრიგდება პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო, კონკრეტდება, რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, ხოლო პრემია იქნება მხოლოდ წახალისების ფორმა და მიბმული სამუშაოს შესრულების შედეგებზე. დანამატის გაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ კლასის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ან განსაკუთრებით საპასუხიმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის”, – განაცხადა ეკა ქარდავამ. ეკა ქარდავას ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტით წესრიგდება, სამუშაოს სტაჟს უკავშირდება.

მისივე თქმით, საჯარო სამსახური ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების სამუშაო გამოცდილება ელექტრონულად აღირიცხება და ეს ინფორმაცია თავს მოიყრის საჯარო სამსახურის ბიუროში.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, ქარდავას თქმით, კანონპროექტი ვროკავშირის, SIGMA-ს ექსპერტების ჩართულობით, საჯარო მოხელეებთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებითაა შემუშავებული და იმ მნიშვნელოვან პრინციპებს ემყარება, რომლებიც საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის საშუალებას იძლევა. საჯარო სამსახურის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობამ დღეს განიხილა და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები