თბილისში ბელორუსიის დელეგაცია იმყოფებოდა
თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, ბელორუსიის დელეგაცია იმყოფებოდა.
ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს იგორ მარშალოვს და ამავე კომიტეტის ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ ანალიტიკური სამმართველოს უფროსს იური მეხედოვს, ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მასპინძლობდნენ. ქართულ მხარეს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ბელარუსმა და ქართველმა სამართალდამცავებმა ფისკალური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის პროცესში ოპერატიულ – ტექნიკური მექანიზმების გამოყენების საშუალებები განიხილეს და სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ კოორდინირებული საქმიანობისას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ბელორუსმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთმანეთს წარმატებული მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაგეგმეს.