ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის დროს სახელმწიფოს გვერდში დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის დროს სახელმწიფოს გვერდში დგომისთვის ყველას მადლობას უხდის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და განსაკუთრებული მადლიერება საუდის არაბეთის პრინცისადმი გამოხატა, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 ათასი დოლარი გამოყო. „მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის შემოწირულობები, ის კონტრიბუციები, რომელიც გასწიეს სხვადასხვა სახელმწიფოებმა და ბიზნესმენებმა, როგორც ქართველებმა, ისე უცხოელებმა.
„გუშინ მაცნობეს, რომ საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც თბილისში რამდენიმე კვირის წინ იყო ჩამოსული, დაზარალებულთათვის გადმორიცხა 300 000 დოლარი. მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო პრინცს და მასთან ერთად ყველა იმ ბიზნესმენს, ბანკებს, კერძო პირებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომელთაც სერიოზული დახმარება გაგვიწიეს ჩვენ და რაც მთავარია სახელმწიფოს. ეს იყო უპრეცედენტო კონსოლიდაციისა და სოლიდარობის გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე, მადლობა გადაუხადა მეზობელ სახელმწიფოებს, რომლებმაც მისი თქმით, სტიქიიდან პირველივე დღეებში ქვეყანას დახმარება შესთავაზეს. ამ კუთხით მან რამდენიმე სახელმწიფო დაასახელა. მათ შორის: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ევროკავშირის სახელმწიფოები, უკრაინა და რუსეთი, რომელმაც საქართველოს მთავრობას 100 მაშველი და ტექნიკა შესთავაზა.
„მინდა ვუთხრა მათ მადლობა. მძიმე მომენტში, როცა ჩვენ გვიჭირდა, მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.