„გული მწყდება, რომ არ მომეცა დაბრუნების საშუალება ცხინვალის ჩრდილოეთით ულამაზეს მთებში, ან სოხუმში“
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან აშშ-ის მხარდაჭერაზე ისაუბრა. როგორც ნორლანდმა განაცხადა, მდიდარია იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შეიძინა.
“დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამტკიცების საქმეში. მოკლე სიტყვა მექნება, რადგან გულში შერეული ემოციები მაქვს – საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში ჩემთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია. აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქართელოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი აქ ვართ. ძალიან მდიდარი ვარ იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შევიძინეთ. რასაკვირველია, გული გვწყდება საქართველოს დატოვების გამო, მაგრამ მოუთმენლად ველით სახლში დაბრუნებას, სადაც შვილებთან და შვილიშვილებთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუნდაც ცოტა ხნით და სადაც 12 სექტემბერს ჩვენი ქალიშვილის დაქორწინებას ავღნიშნავთ”, – განაცხადა ნორლანდმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის, რომ საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება.
“რეგიონში უსაფრთხოების არასტაბილური გარემოა, რომელსაც ემატება შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა უნდა სცადონ. გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ულამაზეს მთებში, ან სოხუმში, რომელსაც 1993 წელს, აქ მუშაობისას ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიეცეთ შანსი, რომელსაც იმსახურებენ – ერთად იცხოვრონ კეთილდღეობასა და მშვიდობაში იმ მიწაზე, რომელიც მათთვის საზიაროა. მართალია, შერეულ ემოციებს ვგრძნობ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგას ისევე მტკიცედ, როგორც 24 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისას. როცა თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ქვეშ აყენებენ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. როცა წყალდიდობა გიტევთ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. როცა თქვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერებასა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ – ზუსტად ისე, როგორც თქვენ ჩვენ გვერდში ხართ ბრძოლის ველზე და იჩენთ სიმამაცესა და გმირობას. როცა თქვენ შვილებს განათლების მიღება და სამუშაო ადგილები სჭირდებათ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. თქვენ გვერდით არიან თქვენი მეგობრები ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან.
საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს ახალ ძალისხმევაში, აღდგეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ევრაზიის მასშტაბით. სიამაყით ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ამ ახალი შესაძებლობების ასამუშავებლად – ზუსტად ისე, როგორც სიამაყით ვთანამშრომლობთ მასთან გლობალური უსაფრთხოების გასამტკიცებლად”, – აღნიშნა ელჩმა.