დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი თურქმენეთის პრეზიდენტი მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დაახლოების თვალსაზრისით საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით მზადყოფნა გამოთქვა გაღრმავდეს და გააქტიურდეს ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროებზე გაამახვილეს.
თურქმენეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად განიხილავს კასპიის და შავი ზღვების დაკავშირების პროექტს და ამ გლობალურ-ეკონომიკურ პროცესში რეგიონის ქვეყნებს განსაკუთრებით კი საქართველოს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოების ერთობლივ პროექტებზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა მათი ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელება განაპირობებს. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა, იგი არ აპირებს კედლის აშენებას აღმოსავლეთით მყოფ ქვეყნებთან და პირიქით, დაინტერესებულია, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების შედეგად ეკონომიკური სარგებელი რეგიონში სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქმენეთის პირველმა პირმა პარლამენტის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თურქმენეთის დელეგაციაში, თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, რაშიდ მერედოვი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარდურპი ტოილიევი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, სატლიკ სატლიკოვი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, პალვან ტაგანოვი; თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გურბანგულ ბაირამოვა; თურქმენეთის პარლამენტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, აჰმეტ ჩარიევი და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოვლეთმურატ მურატოვი იყვნენ წარმოდგენილი. ქართული მხრიდან კი პარლამენტის თავმჯდომარის გარდა შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ჩიქოვანი, მიხეილ მაჭავარიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები