მამუკა არეშიძე: ესტაკადა ვერეს ხეობაში კანონების საშინელი დარღვევით აშენდა
„ესტაკადა ვერეს ხეობაში აშენდა კანონების საშინელი დარღვევით – კანონი შეცვალეს და ესტაკადა გაიყვანეს შიდა გზების კატეგორიაში“, – ასე ეხმაურება 13 ივნისის თბილისში მომხდარ სტიქიას კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც მამუკა არეშიძე გამოცემასთან აცხადებს, სააკაშვილის მთავარი დანაშაული ის არის, რომ ცნება „პროფესიონალიზმი“ მოსპო. მამუკა არეშიძე წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობას უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი აპროტესტებდა.
„სააკაშვილის მთავარი დანაშაული ის არის, რომ მან ცნება „პროფესიონალიზმი“ მოსპო! სააკაშვილმა გაანადგურა გეოლოგიური სამმართველო, დაანგრია გეოფიზიკის ინსტიტუტი, მოსპო და გამოშიგნა გარემოს დაცვის სამინისტრო. ესტაკადა ვერეს ხეობაში აშენდა კანონების საშინელი დარღვევით – კანონი შეცვალეს და ესტაკადა გაიყვანეს შიდა გზების კატეგორიაში, რადგან, როგორც მითხრეს, შიდა გზებს არ სჭირდება ეკოლოგების დასკვნა და ზოგიერთი სხვა ამ ტიპის დოკუმენტი, ანუ გაამარტივეს ყველაფერი, რათა დრო მოეგოთ. ახლა ზოგიერთი რომ გაიძახის, – აქამდე სად იყავიო? – არ არის სამართლიანი მიდგომა, რადგან კარგად მახსოვს, რამდენჯერ და როგორ აპროტესტებდა ამ გზის მშენებლობას თუნდაც ლაშა ჩხარტიშვილი“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.