შალვა ოგბაიძე: თუ გზა დღევანდელი კონფიგურაციით იარსებებს, წყალმოვარდნა აუცილებლად განმეორდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი შალვა ოგბაიძე ვაკე-საბურთალოს ახალი გზის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ გზა დღევანდელი კონფიგურაციით იარსებებს, წყალმოვარდნა, რომელიც მდინარე ვერესთვისაა დამახასიათებელი, აუცილებლად განმეორდება. აღნიშნული განცხადება ოგბაიძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დროს გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი გზის მშენებლობისას ხშირად გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებებს, მაგრამ, მისი თქმით, მაშინ ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილით კეთდებოდა.
„გვირაბის დაპროექტებისას შეცდომა დაუშვეს და ამ ახალი გზის მშენებლობისას სიტუაცია უფრო გაამწვავეს. ამან კი ჯამში დედაქალაქს უფრო დიდი პრობლემა შეუქმნა. ამ გზის გაგრძელება ჩვენი დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, როგორც გმირთა მოედანი, რომელიც, გარდა მოედნის ფუნქციისა, ყველაფრის ფუნქციას ასრულებს. მისი ბლოკირება კი უზარმაზარ სატრანსპორტო ქაოსს იწვევს. ამიტომაც ყველაფერი ნულიდან არის მოსაფიქრებელი. ამ მდინარეთა კალაპოტების მოვლა-პატრონობის პროგრამები უნდა გაკეთდეს, რომელთა კალაპოტები, სამწუხაროდ, არ იწმინდება. აღარაფერს ვამბობ მათი კალაპოტების ხელოვნურად შეცვლასა და არტახებში მოქცევაზე“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თამარაშვილის ქუჩაზე, 112-ის შენობასთან, მდებარეობს ესტაკადა, რომელიც გვირაბის მეშვეობით გზას უკავშირდება. დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე მდინარე ვერე მიმართულებას 180 გრადუსით იცვლის, რაც ასევე საშიშია ძლიერი წვიმის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები