„თეატრი გრძნობების და დამოკიდებულებების გამოხატვის, გადმოცემის ერთ-ერთი საშუალებაა…“

„ყველა მშობელს უნდა, რომ მის შვილს მომავალი უზრუნველყოფილი ჰქონდეს და, ოჯახის გადაწყვეტილებით, ეკონომისტი უნდა ვყოფილიყავი. თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, არაფერი იცოდნენ. როცა გაიგეს, კონფლიქტი მოგვივიდა ოჯახში და სამი თვე დეიდაჩემთან ვიყავი გადახიზნული. მაგრამ, ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ უკან არ დავიხევდი და შეეჩვივნენ…“ – რეჟისორი ლევან ხვიჩია.

– ადამიანები, სპექტაკლები, რომლებმაც გარკვეული ზემოქმედება იქონია…
– ვერ გეტყვით, რომ თეატრს ხშირად ვსტუმრობდი და თეატრალური ადამიანი ვიყავი. მხოლოდ სკოლიდან დავდიოდით. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი „ჰამლეტი“ ვნახე. თეატრიდან რომ გამოვედი და თეატრალურ ინსტიტუტს ჩავუარე, მივხვდი, რომ თეატრი ის ადგილია, სადაც ყველაზე ძალიან მინდოდა ყოფნა. თავიდან სამსახიობო ფაკულტეტზე ვაბარებდი, მაგრამ ჩავიჭერი, რადგან მომზადებული საერთოდ არ ვიყავი. მთავარი იყო, შენობას არ მოვშორებოდი და ჩავაბარე კულტურის მენეჯერის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. პარალელურად გოჩა კაპანაძის ჯგუფშიც დავდიოდი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე. ერთ დღეს თეატრალურ ინსტიტუტთან გამოვიარე, მეგობარს ველოდებოდი, რომ ბანერი გაიშალა – რობერტ სტურუას სარეჟისოროს სამაგისტრო ჯგუფი აჰყავდა და მის ჯგუფში შევედი. სამსახიობოს და სარეჟისოროს, ორივე ფაკულტეტმა ერთად დიდი გამოცდილება მომცა, უფრო მიადვილდება მსახიობებთან მუშაობა.11650702_870521249663595_1802290610_n
მეც ვმდგარვარ სცენაზე და ვიცი, მსახიობი რა მდგომარეობაშია, როგორ გრძნობს თავს, რა განცდები აქვს, რას ფიქრობს, ეს ყველაფერი მეხმარება მათთან ურთიერთობაში. შეიძლება მსახიობის აზრი მისაღები იყოს, მაგრამ არა გასათვალისწინებელი. მუშაობის პერიოდში მას სჭირდება თავისუფლება. თუ გინდა, მან შენი ჩანაფიქრი განახორციელოს, უნდა მისცე თავისუფლება რომ გაიხსნას ბოლომდე და დაძაბული არ იყოს.
– შეგიძლია, რომელიმე სპექტაკლი გამოარჩიო?
– პირველი სპექტაკლი რუსთაველის მცირე სცენაზე, რუსლან სმოროდინოვის პიესის მიხედვით, სპექტაკლი „პატარა ფარსები“ დავდგი. ვერ გეტყვით, რომ სპექტაკლების გამორჩევა შემიძლია, თითოეულ მათგანზე მაქვს განცდა და ემოცია, მაგრამ სპექტაკლი „ჰამლეტი.კომიქსი“, ანუ „Hamlet.comX“-ი მაინც განსხვავებულია. სპექტაკლზე სულ ახალგაზრდებმა ვიმუშავეთ. გვჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდით და ვფიქრობ გამოგვივიდა. მახსოვს, ამბობდნენ, როგორ შეიძლება შექსპირის ასე დადგმაო, მაგრამ არა მგონია, დღეს რამის დადგმა არ შეიძლებოდეს. როცა ნაწარმოები არსებობს, ყველას შეუძლია, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთოს. დოგმებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. რა გრძნობებსაც ნაწარმოები აჩენს შენში, ისე უნდა იმუშაო. ვერ გეტყვით, რომ „ჰამლეტის“ წაკითხვის შემდეგ, მე ძალიან მეცინებოდა, შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პიესაა. მაგრამ, რატომღაც მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ამომეტრიალებინა.
– საერთოდ, როგორ ირჩევ პიესას?
– ძალიან ბევრი კარგი პიესა არსებობს. ჩემი არჩევანი დამოკიდებულია გრძნობებზე და გარემოზე. ზოგადად, იმპულსები მაინც გარემოდან მოდის, სამყაროდან, ცხოვრებისეული მოვლენებიდან და ინდივიდუალური არ არის. თეატრიც, როგორც ხელოვნების ყველა დარგი, გრძნობების და დამოკიდებულებების გამოხატვის, გადმოცემის ერთ-ერთი საშუალებაა.11652271_870521246330262_1275280220_n
– თანამშრომლობ სხვადასხვა თეატრთან…
– ასეთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს, თეატრის დასი მაშინ არის იდეალური, თუ შენ შეგიძლია ძალიან ჩვეულებრივად გაანაწილო რომეო და ჯულიეტა. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან იქ იმდენად მრავალფეროვანი ადამიანები, გმირები და როლებია, რომ მართლაც ძალიან მარტივად შეგიძლია, ნებისმიერი პიესა გააკეთო და დადგა. მე რომელ თეატრებთანაც ვიმუშავე, ყველგან საინტერესო დასი ჰყავთ. ზოგადად, საინტერესოა უცხო დასთან მუშაობა. წინასწარ არასდროს ვგეგმავ, როგორ გავაკეთებ. სადაც მიხვალ, რაც დაგხვდება, იმ გარემოს და სიტუაციას უნდა მოერგო. ექსტრემალური სიტუაციაა და სხვანაირ რიტმს გაძლევს. საერთოდ, ჩემთვის ყველაზე გემრიელი რუსთაველის თეატრში მუშაობაა, იქ გავიზარდე, მაგრამ თელავში და ოზურგეთში ვიმუშავე და ორივე შემთხვევაში საინტერესო ადამიანები და დასი დამხვდა. საინტერესო იყო მათთან მუშაობა.
– სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“, რომელიც ოზურგეთში თეატრში დადგი…11650473_870521272996926_1848697897_n
– მე მივიღე შეთავაზება ოზურგეთის თეატრიდან, დამედგა კლასიკური ნაწარმოებები. არჩევანი გავაკეთე შექსპირის ამ პიესაზე, სადაც მოქმედება ხდება იტალიაში. მე გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი იტალიაში და მგონია, რომ იტალიელები რიტმით, ტემპით, დამოკიდებულობით, ემოციურობით, განწყობით, შეფასებით, მოვლენების მიმართ აღქმით ძალიან ჰგვანან ქართველებს, განსაკუთრებით გურულებს. ვფიქრობ, არჩევანმა გაამართლა, რადგან მასალას კარგად შეხვდნენ, ადვილად აუღეს ალღო და მუშაობაც საინტერესო იყო.
– ახლა რაზე მუშაობ?
– აგვისტოს ბოლოს უნდა დავიწყო მუშაობა ვაკის სარდაფში, სანდრო კაკულიას პიესაზე „სახურავი“. შესაძლებელია ვაკის სარდაფის თეატრალური სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნას.

მზევინარ ხუციშვილი

11119374_870521256330261_1642241431_n

11336074_870521259663594_1018818565_n

11650481_870521266330260_198405635_n

11655343_870521262996927_938275269_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები