გია გაჩეჩილაძე: „ნაციონალებმა“ საქართველო დანაღმულ ველს დაამსგავსეს და ისე მოშორდნენ ამ ქვეყანას
“მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიაში ყოფილი ხელისუფლების დროს აშენებულ ესტაკადას მიუძღვნის წვლილი.
როგორც გაჩეჩილაძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ესტაკადა ყოველგვარი საექსპერტო დასკვნების გარეშე აიგო, მოსალოდნელი რისკები არ გაითვალისწინეს.
“წყლის დაცვის ზონებში არანაირი მშენებლობები არ შეიძლება, ეს „წყლის კანონი“ ჩვენი შემუშავებულია, მაგრამ იქიდან „ნაციონალებმა“, რაც არ უნდოდათ, ის ამოიღეს, პროცედურები რაც შეიძლება გაამარტივეს და ყველანაირი უკუღმართობა დასაშვები გახადეს. რაც დარჩა კანონში, იმ აკრძალვებს არაფრად დაგიდევდნენ, ყველა კანონს არღვევდნენ. უნდა დაისაჯოს, ვინც ეს ნებართვები გასცა, მაგას რა ლაპარაკი უნდა? ეს ხალხის სასიკვდილოდ გაწირვაა და ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
აქვე მინდა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ახლა მთელი კამპანიაა აგორებული მედიით, რომ მომხდარზე „ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობა ააცილონ, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, დამნაშავენი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. კი, მდინარე ვერე არის მთის მდინარე, არაერთხელ ადიდებულა და ზარალიც მოუყენებია თბილისისთვის, მაგრამ ახლა სხვა იყო. ამ უბედურებაში „ნაციონალების“ დროს აშენებულ ესტაკადას მიუძღვნის წვლილი, რომელიც ყოველგვარი საექსპერტო დასკვნების გარეშე აიგო, არ იქნა გათვალისწინებული ის, რაც მოხდა.
ვერე მოაქციეს მართლა სარკოფაგში, კომუნისტების დროს აგებბულ გვირაბებში გათვალისწინებული იყოს წამში 460 კუბური მეტრი წყლის გატარება, ამათ გვირაბებში კი, წამში 400 კუბური მეტრის გატარება იყო გათვალისწინებული, უფრო ნაკლების. ეს იმ დროს, როცა კარგად იცოდნენ, რამდენად საფრთხის შემცველი იყო ვერე და მისი არაერთი ისტორიული მაგალითი ჰქონდათ.
ამ გვირაბში მოქცეული მდინარე ზემოდან გადმოვიდა და წალეკა ყველაფერი. ახლა ზოგი იმას ამობობს, გივი სვანიძის ქუჩაზეც ხომ მოვარდა ღვარცოფი და რა შუაშია გვირაბიო? კი, იქაც წალეკა ვერემ ყველაფერი, მაგრამ, დაუკვირდით, სადღეისოდ 19 ადამიანია დაღუპული, 8 ადამიანი დაიღუპა სვანიძის ქუჩაზე და დანარჩენი 11 – ამ ავტობანისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, ანუ ეს ხალხი დაახრჩო სწორედ იმ გვირაბიდან გადმოხეთქილმა წყალმა. გვირაბს წყალი რომ გაეტარებინა, იქ არაფერი მოხდებოდა და ეს ტრაგიკული, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი წყალდიდობა იქნებოდა“,-აცხადებს გაჩეჩილაძე.
დეპუტატი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა გასამართლდეს.
“ახლა, ამის გამო თუ არავინ დაისაჯა, არ ვიცი, რა, სხვა რაღა უბედურება უნდა მოხდეს, „ნაციონალებმა“ რამეზე პასუხი რომ აგონ? თანაც რამდენიმე ადამიანი კი არ უნდა დაისაჯოს, მთელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს ამ და სხვა უბედურებების გამო. ეს ათასგვარი უკანონობით აგებული ავტობანი, რამაც ეს კატასტროფა გამოიწვია, იყო „ნაცმოძრაობის“ სისტემური დანაშაული და არა კონკრეტული ადამიანებისა, მთელი სისტემა იყო ჩართული იმ გზის მშენებლობაში, სახელდახელოდ ააშენეს, რადგან ფულს „ტეხავდნენ“, „ატკატები“ მისდიოდათ მერიისა და სხვა ჩინოვნიკებს. „ნაციონალები“ ყველაფერს ისე აშენებდნენ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ადამიანების ბედი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთაც დიდი რისკის ქვეშ ატენებდნენ. ადამიანის ფაქტორს არ ითვალისწინებდნენ. ეგენი იყვნენ ვითომ ულტრალიბერალური ეკონომიკის მიმდევრები, რომლის მსგავსიც მთელ დედამიწაზე არ არსებობს.
გაიხსენეთ აწ გადაცვლილი კახა ბენდუქიძის სიტყვები, როცა 2005 წელს გააუქმეს ვეტარინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები და კაცმა არ იცის, რა საშინელი სახის საკვებმა და პროდუქციამ დაიწყო შემოდინება ქვეყანაში.
ბენდუქიძემ მაშინ თქვა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუ ადამიანი რომელიმე პროდუქტით მოიწამლა, მეორედ აღარ იყიდის იმას, რაც თავად და არც სხვა, რად გვინდა ამდენი რეგულაციაო? აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანების მიმართ. მარტო ციხეებში წამებას, გაუპატიურებას, ძალადობას, მკვლელობას და სხვა ამ სახის დანაშაულებს არ ჰქონდა სისტემური ხასიათი, მათ დროს უსაფრთხოების ყველა ნორმის უგულებელყოფით აშენებული ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ბევრი უბედურებას დაგვატეხს თავს. საქართველო დანაღმულ ველს დაამსგავსეს „ნაციონალებმა“ და ისე მოშორდნენ ამ ქვეყანას. უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ამ და სხვა უამრავი დანაშაულისთვის“,-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.