რეზო ამაშუკელი: სამ-ოთხ კაცს ისე გავისტუმრებ საიქიოში, როგორც ახლა მიყურებ თვალებში

არაფერი დასაკარგი არ მაქვს და სამ-ოთხ კაცს ისე გავისტუმრებ საიქიოში, როგორც ახლა მიყურებ თვალებში – ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამაშუკელი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის და მისი ძმის ბიზნესზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ყოფილი მაღალჩინოსნები საკადრისად არ დაისჯებიან, ის მათ პირადად გაუსწორდება.
“ღმერთმა დაგვიფაროს და, პატარა მიწისძვრაზე ეს სახლები დომინოს პრინციპით დაინგრევა, მაგრამ ეს მაგათ რაში აინტერესებდათ? რომ მოაქვს თავი ამ იდიოტს ბათუმით, რომელიც თურმე მეორე ლას-ვეგასი უნდა გამხდარიყო, საკანალიზაციო სისტემა არ არის გაკეთებული ბათუმში, რადგანაც როგორც კი მოწვიმს, მაშინვე იტბორება ქალაქი! ვის ატყუებენ ეგენი? რა შორს წავიდე, ჩემი სახლის წინ ძმები ზაზა და გივი თარგამაძეები აშენებდნენ ჯერ ვითომ ორსართულიან შენობას, რომელიც მოცურდა და მოიყოლა მუშა, რომელიც სასწრაფოდ მოაშორეს იქიდან და საბოლოოდ რა მივიღეთ? ექვსსართულიანი შენობა ააშენეს და მილიონები იშოვეს ფართების გაყიდვით, ეს ერთი მცირე მაგალითია, რასაც მე ვუყურე და პირობას ვაძლევ, რომ თარგამაძე ჩემი წერა გახდება საბოლოოდ, რადგანაც, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ცირკულარიდან ხომ არ ამოუღია ეს ხალხი ვინმეს?
მე კი ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, თან არც ყოფილი „მხედრიონელი“ ვარ და არც ძველი ბიჭი! მე რეზო ვარ ამაშუკელი და თავი მაქვს გადადებული! შემიძლია დავიანგარიშო, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა, სამი წელი? ოთხი? ყველაფერს ხომ დასასრული აქვს? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაფერი დასაკარგი არ მაქვს და სამ-ოთხ კაცს ისე გავისტუმრებ საიქიოში, როგორც ახლა მიყურებ თვალებში! მაგრამ მანამდე მაგათი დედა უნდა ვატირო! არ მბეზრდება და კითხვას ისევ ვსვამ: რატომ არის ეს ინტელიგენცია გაჩუმებული? თუმცა არავის ეგონოს, რომ რეგულარულად გავაგრძელებ ამ ინტერვიუების მიცემას, ამის შემდეგ რასაც გავაკეთებ, ეს იქნება მოქმედება და არა ტლიკინი და გულზე ხელის ბრაგუნი! თუ გზას არ დამიტოვებენ, მე, ამ ხნის რეზო ამაშუკელი, შურს ვიძიებ და ეს გაითვალისწინოს სუყველამ: თუ არ შერცხვება ამ ხელისუფლებას, რომ მე ციხეში წავიდე, მაშინ მიიღონ ზომები! ვის ელოლიავებიან?“- აცხადებს რეზო ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები