„ბატონო გიორგი, მთელი დღე რას აკეთებთ მილიარდიან სასახლეში?! „ზოპონებით“ ვაჭრობთ?!“

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით გამართულ აუქციონზე, პრეზიდენტის მიერ საკუთარი ნივთების გაყიდვას გაზეთი „ვერსია“ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი წერს, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გულწრფელი იქნებოდა, რომ არა ავლაბრის რეზიდენციის ფაქტორი.
„ალბათ, გახსოვთ, გიორგი მარგველაშვილი არჩევნების წინ რომ ამბობდა, პირველ რიგში, რასაც ვიზამ, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოვალ, უფრო მოკრძალებულ შენობაში გადავალ, იმ სასახლეს კი რომელიმე უნივერსიტეტს დავუთმობო. მერე, როცა მარგველაშვილმა პრეზიდენტობის სიამენი სრულად შეიგრძნო და ავლაბრის რეზიდენციის აივნიდან, უფრო სწორედ, ჯავშნიანი აივნიდან დახედა თბილისს, მიხვდა, რომ არსად წასვლა არ უნდოდა და აღარც აპირებს. შედეგად, ათონელზე აშენებული რეზიდენცია, რომელიც პრეზიდენტის გემოვნებით მოეწყო, ჰაერშია გამოკიდებული და სახელმწიფო თავში ხელს ირტყამს, 26 მილიონია დახარჯული და ამ ფასად აღნიშნული შენობა არ გაიყიდებაო. ამ ამბავს ბატონმა გიორგიმ წაუყრუა, ვითომც თავად არაფერ შუაშია და… მარგველაშვილმა 13 ივნისის სტიქიას არ წაუყრუა. ყვავილებიც მიიტანა გარდაცვლილთა სიმბოლურ მემორიალზე, ტალახშიც იარა, ჭკუაც დაგვარიგა და აჰა, საკუთარი ჯიბიდან შემოწირულობაც გაიღო. პრეზიდენტმა აუქციონზე პერანგის ვერცხლის სამაგრები, ე.წ. ზოპონები გაიტანა და მათი გაყიდვიდან მიღებული 4000 დოლარი სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშზე გადარიცხა. როგორია? უფრო ზუსტად – რავარია?! არის ცეცხლი! შესაძლოა, ეს ნაბიჯი ბევრს, მართლაც, თავგანწირვად მოეჩვენოს, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ – საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელსაც უჭირს, სადაც ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ჯიბეს ურტყამს, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ძალიან ბევრი ცხოვრობს, თითქმის მილიარდად შეფასებულ შენობაში არ უნდა ცხოვრობდეს და მისი ხარჯი დამატებით ტვირთად არ უნდა აწვეს სახელმწიფოს.
კარგად გვახსოვს, პრეზიდენტობამდე მარგველაშვილი რომ ამბობდა, ასეთი სასახლეები შეიხებსაც მოენატრებათო და ირონიით იძახდა, ნეტავ მთელი დღე იქ როცა არის, რას აკეთებსო?! ჰოდა, ახლა ჩვენ ვეკითხებით, ბატონო გიორგი, მთელი დღე რას აკეთებთ მილიარდიან სასახლეში?! „ზოპონებით“ ვაჭრობთ?!
P.S. ხვალინდელი დილა ავლაბარში: „მაწონი… მაწონი… რძე… რძე… აბა, ახალი ზოპონები… ვერცხლის ზოპონები იაფად…“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები