ქაბულში ავღანეთის პარლამენტს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები თავს დაეხნენ. ამის გამო საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ჟურნალისტები და მომსახურე პერსონალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
სააგენტო Pajhwok-ის ინფორმაციით, შტურმამდე პარლამენტის შენობასთან ექვსი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც „თალიბებმა“ შტურმი დაიწყეს. აფეთქებების შედეგად რამდენიმე დეპუტატმა ჭრილობა მიიღო.
საპასუხო ცეცხლით ავღანეთის უშიშროების ძალებმა ექვსი თავდამსხმელი გაანადგურეს. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ „რამდენიმე „ბოევიკმა“ შენობაში შეღწევა შეძლო. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, „თალიბანმა“ ასევე შეტევა განახორციელა პროვინცია კუნდუზში მდებარე დასახლება დაშტიზე. შეტევის შედეგად მათ ტერიტორია დაიკავეს, რომელზეც 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კვირას კი „თალიბებმა“ დასახლება ჩახარ-დარა დაიკავეს.