112-ის ხელმძღვანელი: ოპერატორები მოქალაქეებს არაერთ კითხვას უსვამენ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად
„ჩვეულ რეჟიმთან შედარებით 3-ჯერ მეტი ზარი შემოვიდა, რაც თავისთავად გარკვეულ შეფერხებებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, 112-ის სამსახურის პარალიზება არ მომხდარა“,-ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ 112-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბიჭაშვილმა განუცხადა.
„უმოკლეს დროში საქართველოს მასშტაბით ქოლცენტრში 10 ათასამდე ზარი შემოვიდა. ისე სწრაფად შემოდიოდა ზარები, რომ, ბუნებრივია, ზოგიერთ ზარს უწევდა მოლოდინის რეჟიმში ჩაყენება წუთნახევრიდან – 4 წუთამდე. როდესაც ძლიერი წვიმა დაიწყო, ქოლცენტრში დაახლოებით 70-მდე თანამშრომელი იჯდა. მაშინვე მოვახდინეთ ყველა თანამშრომლის მობილიზება და გავაორმაგეთ მათი რაოდენობა. ავტომატურ რეჟიმში ავამოქმედეთ სარეზერვო ცვლები. ასევე მოხდა ტექნიკური სამსახურის მობილიზება,რომელიც ზარების შეუფერხებლად შემოსვლის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა“,- განაცხადა ბიჭაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 13 ივნისს, წვიმის დაწყების მომენტიდან მოქალაქეები ნებისმერი სახის ინფორმაციაზე რეკავდნენ, რაც, მისი შეფასებით, არასწორია, რადგან სწორედ ამან გამოიწვია ხაზის გადატვირთვა. ამავე გამოცემასთან საუბრისას ბიჭაშვილი ამბობს, რომ ოპერატორები ხშირად მოქალაქეებს არაერთ კითხვას უსვამენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ, რათა რაიმე შეცდომა არ იქნეს დაშვებული. 112-ის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით 112-ში 500-მდე საქმეა დარეგისტრირებული. „ამავე დროს, დაფიქსირდა ცრუ შეტყობინებები,რაც ბოროტ ხურობას წარმოადგენდა და ეს ძალიან სამწუხაროა“,- დასძინა 112-ის ხელმძღვანელმა,რომლის თქმითაც, დღემდე უამრავი ადამიანი რეკავს 112-ში და მადლიერებას გამოხატავს.