,,მკვლელი შენობები” და „ნაციონალური“ პროექტების ბნელი მხარე
სტატიაში სათაურით მკვლელი შენობები და “ნაციონალური” პროექტების ბნელი მხარე, – ამ სათაურით გაზეთი რეზონანსი სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნაჩქარევად აშენებულ ნაგებობებსა და არამდგრად კონსტრუქციებზეა საუბარი.
“მკვლელი შენობები – ასეთია სპეციალისტების მიერ ბოლო პერიოდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დახასიათება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არის ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი – ისინი ან არასწორად არის აშენებული, ან არასათანადო ადგილას ან ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. ასეთი ნაგებობები კი საქართველოში ძალიან ბევრი აღმოჩნდა და რაკი ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს საფრთხის შემცველად სხვადასხვა ფაქტორი ხდის, ამიტომაც სპეცილისტების მიერ ანალიზის გაკეთებისას ყველა ფაქტორის გათვალისწინება ხდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.
“ექსპლუატაციაგავლილი ნაგებობები – ამ დროისთვის ყველაზე პრობლემატურად არქიტექტორი ირაკლი მურღულია ექსპლუატაციაგავლილ ნაგებობებს ასახელებს და ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული ვითარებაა, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. განსაკუთრებით პრობლემატურად კი ხიდებს, გვირაბებს და საცხოვრებელ კორპუსებს, ე.წ. ხრუშჩოვკებს ასახელებს. განსაკუთრებულ აქცენტს კი საგზაო კვანძებზე აკეთებს.
“არცერთი კვანძი არ არის ისე აშენებული, რომ გათვლილი იყოს რამდენ მანქანას გაატარებს, რა ინტენსივობით და მოთხოვნა და ინტენსივობა როგორ შეეფარდება ერთმანეთს. წლების წინ აშენებული ნაგებობები გათვლილი იყო უახლოეს 10-20-30 წელზე. რაც მთავარია, არ იყო ნააგარიშები გააკუთრებით თბილისის ისეთ მზარდ ტემპზე, რაც რეალობაში მივიღეთ”, – ამბობს მურღულია.
რაც შეეხება თბილისის გარდა არსებულ სხვა მაგისტრალებს და კვანძებს, მისი აზრით, ავტობანებსა და მთავარ გზებზე გაცილებით ნაკლები პრობლემაა სხვადასხვა ფაქტორის გამო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნაჩქარევად აშენებული ნაგებობები – ეს ის კატეგორიაა, რომელსაც წინა ხელისუფლებას ყველაზე მეტად ედავებოდნენ, რადგან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნაჩქარევად აშენება რამდენიმე სახის პრობლემას აერთიანებს. გარდა იმისა, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას იკარგება მნიშვნელოვანი თანხა, სახიფათო ხდება ადამიანებისთვის, რადგან სიჩქარეში არ ხდება არც გარემოს სათანადო ანალიზი, რამდენად შეიძლება კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული პროექტის განხორციელება და მეორეც – აშენების პროცესში რამდენად დაცულია სტანდარტები. ამის კარგი მაგალითია განმუხურის ხიდი – ხის მასიური კონსტრუქცია, რომელიც ერთი დღისთვის ააშენეს, რადგან მაშინდელ პრეზიდენტს ამ ხიდის გახსნა ზღვის სეზონის დროს ჰქონდა განზრახული და ამ დროისთვის სრულყოფილი ხიდის მშენებლობა ვერ ესწრებოდა. ეს ხიდი 2011 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში ხიდი ქარმა დაშალა, რის შემდეგაც ის უფრო მყარი კონსტრუქციებით ხელახლა ააწყვეს”, – წერს გამოცემა.