თინათინ ხიდაშელი ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში, ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე უპირობო მხარდაჭერა აღუთქვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივები განიხილეს. ვიშეგრადის ჯგუფის დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რასაც ძალიან აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. მათი განცხადებით, ვიშეგრადის ქვეყნები მზად არიან, საქართველოს თავდაცვის სამინისტოს დახმარება კონკრეტულ საკითხებში გაუწიონ.
„ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება თავდაცვის მინისტრების დონეზე ამ ფორმატის გაფართოება. წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საპარლამენტო და სხვა ფორმატებში. დღეს, ვარშავის სამიტისკენ მიმავალ საქართველოს სჭირდება ყველა სახის მხარდაჭერა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები თუ იქნებიან მობილიზებულნი, იმ ფონზე, როდესაც ვცდილობთ ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან მსგავი ტიპის თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეთ, ვფიქრობ, რომ საქმეს წაადგება. შეხვედრაზე ბევრი ოპტიმიზმი იყო. მათ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატეს, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები