გიგა ბათიაშვილი – ვერეს ხეობაში გზის ესტაკადის პროექტის არქიტექტორს: ჰყავს ამ ტრასას ავტორი ან არქიტექტორი?! ხმა ამოიღოს!
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ვერეს ხეობაში განხორციელებულ გზის პროექტის არქიტექტორს მიმართავს და სთხოვს ხმა ამოიღოს. გიგა ბათიაშვილს მიაჩნია, რომ ვერეს ხეობაში განხორციელებული გზის ესტაკადის პროექტს არქიტექტორი არ ჰყავდა.
„მთელი წლების განმავლობაში ყველაფერი ხუშტურებით იმართებოდა. არაპროფესიული აზრით, არაპროფესიული აზრის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილებებით, არამედ ეგრე უნდოდა და მორჩა! ეგრე შენდება რკინიგზა, ესე დაიწყო მშენებლობა ესტაკადებისა სანაპიროზე და მოკლეს ცალმხრივი მოძრაობის შექმნის საშუალება, ასევე განხორციელდა მდინარე ვერეს ხეობაში და არა მგონია, ამ პროექტს ჰყოლოდა ავტორი, არქიტექტორი! რომ ჰყოლოდა, ტრასის კოორდინატებს, სხვანაირად დაგეგმავდა. და თუ პროექტის ავტორი (არქიტექტორი) ჰყავს ამ ტრასას, ხმა ამოიღოს! კარგი არქიტექტორი მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც მარჯვენა მხარე არის ეროზიული, მარცხენა მხარეს კი არის ფშვნადი კლდე, არ დაუშვებდა არც კლდის გაჭრას, არც მეორე მხარის მოჭრას და ელემენტარულად ააშენებდა გზას, მეტი მოხვევებით, ესტაკადის ტიპისას, ანუ ოჩოფეხზე შემდგარს და წყლის დონის 5-მეტრიანი სიმაღლეც ვერაფერს უზამდა!“ – აცხადებს გიგა ბათიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.