გარემოს დაცვის სამინისტრო ხარჯებს, დაახლოებით, 2 მილიონი ლარით ამცირებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ხარჯებს, დაახლოებით, 2 მილიონი ლარით ამცირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის სასიამოვნო შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხება.
“ჩვენი სამინისტრო ხარჯებს დაახლოებით 2 მილიონ ლარზე ცოტა მეტად ამცირებს, აქ ხარჯები არის ნაწილი ადმინისტრაციული, ნაწილი კაპიტალური დანახარჯების. ეს არ არის სასიამოვნო შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხება, ვეცდებით, რომ მთავრობის სხდომაზე გვქონდეს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით თუ რა შესაძლებლობები და რა რეზერვები უნდა გამოვიყენოთ,”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.