საუდის არაბეთის პრინცთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საუდის არაბეთის პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ყალიბდება, როგორც რეგიონალური ცენტრი, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივა კი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სატრანზიტო როლს. საუდის არაბეთის პრინცი, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოწვევით იმყოფება.