„კაბელების საქმის“ მოსამართლე ალასანიას ახლობელია და საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს”
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიასა და კაბელების საქმის მოსამართლის დავით ჯუღელის კავშირებზე სტატიას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციით, მოსამართლე დავით ჯუღელი კახა ჩიხრაძის ახლო ნათესავია, თავის მხრივ, ჩიხრაძე კი ალასანიას უახლოესი გარემოცვის წევრია.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ წინასასამართლო სხდომის განხილვა 2015 წლის 1 აპრილს დაიწყო, თუმცა უკვე 2 თვე და 8 დღეა გასული და დღემდე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რაც უპრეცედენტოა სასამართლო პრაქტიკაში.
“ნათელია, რომ მოსამართლე დავით ჯუღელი მიკერძოებულია და ცდილობს, ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადა ხელოვნურად გააჭიანუროს. რაში სჭირდება ეს ჯუღელს? საქმე ისაა, რომ იგი კახა ჩიხრაძის ახლო ნათესავია, ჩიხრაძე კი ალასანიას უახლოესი გარემოცვის წევრი. 2002 წელს, როდესაც ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლდათ, ჩიხრაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შსს-ს რიგებიდან ჩიხრაძე 2003 წელს დაითხოვეს. 2004-2006 წლებში, როდესაც ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე იყო, ჩიხრაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2009 წლიდან კი იგი ალასანიას დაცვის უფროსი გახდა. 2012 წლის ნოემბერში ალასანიამ კახა ჩიხრაძე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა. ჩიხრაძემ თანამდებობა ალასანიას გადადგომის შემდეგ დატოვა, თუმცა უმუშევარი არ დარჩა და დღემდე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობს”, – ნათქვამია გაზეთ “ვერსიის” სტატიაში.
ე.წ. კაბელების საქმეთან დაკავშირებით კითხვები “ახალგაზრდა ადვოკატებსაც” აქვთ. არჩილ კაიკაციშვილი აქცენტს სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე აკეთებს, რომლითაც ღია დარჩა ექსპერტიზის დასკვნის საქმეში, მტკიცებულების თანდაურთველობის საკითხი.
“თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და აუცილებელია, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება იყოს გამჭვირვალე და მიუმხრობელი. საზოგადოებას გააჩნია სწორი მოლოდინი, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან, დანაშაული შესაძლო კორუფციულ ნიშნებსაც ატარებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვებს სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და საჭიროებს, პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ საქმესთან დაკავშირებით ცალკეული გადაწყვეტილებები – რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და რამდენად იღებს სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
ამასთან, როგორც “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა გაზეთ “ვერსიასთან” საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების საქმეში, სასამართლო დაინტერესდეს, რა ურთიერთსასარგებლო გარიგება არსებობდა დაკავებულებსა და კომპანიას შორის სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ.
“ჩანს, ჯერჯერობით, სასამართლო ანუ საქმის განმხილველი კონკრეტული მოსამართლე, მაინც პოლიტიკური შეხედულებების ტყვეობაშია, რადგანაც ის ფაქტი, რომ სასამართლომ 2015 წლის 5 ივნისს ბრალდების მთავარი მტკიცებულება საქმეს არ დაურთო – საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, საქმის შინაარსს არ ცვლის, რადგანაც გადაწყვეტილება ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული და ჯერ კიდევ უცნობია, მხარე გაასაჩივრებს მას თუ არა, ასევე, რა პოზიცია ექნება სააპელაციო სასამართლოს. ჯერ არავის არც წაუგია და არც მოუგია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიას სურს, ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე, საქმეზე, რომელიც ჯერ კანონიერ ძალაშიც შესული არ არის”, – აღნიშნავს კაიკაციშვილი.
როგორც კაიკაციშვილი აცხადებს, მოსამართლე დავით ჯუღელი საქმეზე მიკერძოებულ დამოკიდებულებას იჩენს, რამაც შესაძლოა, ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადის ხელოვნურად გაჭიანურებას გამოიწვევს.
„ამასთან, მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს, შეიძლება ითქვას, გააკეთა კანონის „ახლებური“ განმარტება და სასაქონლო ექსპერტს აუკრძალა ბაზრის კვლევის ჩატარება. ეს არის ამ საქმისთვის, შეიძლება ითქვას, „აღმოჩენა“ და მოსამართლის მხრიდან რაღაც გარკვეულ „გათვალისწინებებზე“ მეტყველებს. ამასთან, მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეჭვი შეიტანა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში, ხოლო განჩინებაში ვერ დაასაბუთა, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებდა ასეთ დასკვნას. სწორედ საქმეში და 5 ივნისის გადაწყვეტილების ამგვარად შემოთავაზება აჩენს ბევრ კითხვას და მივყავართ მოსამართლის მხრიდან „შერჩევითი მართლმსაჯულების“ განხორციელების მცდელობამდე, რაც არც სასამართლოსთვისაა კარგი, არც ქვეყნისთვის და არც საზოგადოებისთვის, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, თვისობრივად ცხოვრების ახალ პრინციპებზე შეთანხმდა“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.