„თქვენი ძმა თქვენვე მოკალით“, – 10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის დედას შვილებისთვის უთქვამს
ზესტაფონში 10 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს ბრალდებულის დედა საბერძნეთიდან გამოეხმაურა. როგორც სოფლის დეპუტატი ამირან ბახტაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ბრალდებულ პეტრე ფაილოძის დედას, საბერძნეთიდან შვილებისთვის დაურეკავს და „მოკალითო“, – უთქვამს. მისი თქმით, დამნაშავის დედაც საბერძნეთშია, ეს ამბავი რომ გაიგო, შვილებისთვის დაურეკავს, თუ დაიჭერთ, თქვენი ძმა თქვენვე მოკალითო.
ამირან ბახტაძის ინფორმაციით, სოფელი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
,,ფაილოძე 4 თვეა სოფელში გამოჩნდა, სახლში ძმა არ უშვებდა, ამიტომ ბიძასთან ცხოვრობდა. მათი სახლი ამ გოგონების სახლთან ახლოსაა, იმ საღამოს ბავშვები შინ მარტო იყვნენ, მათთან თურმე ხშირად მიდიოდა ფაილოძე ყავის დასალევად, ამიტომ მისი სტუმრობა არ გაჰკვირვებიათ. იმ დღეს მთვრალი მისულა. უფროსი გოგონასთვის უთქვამს, ყავა მომიდუღეო, ბავშვს უპასუხია, ყავა არა გვაქვსო, მაშინ, ვიყიდოთ, მაღაზიაში გამომყევიო, უნდოდა, სახლიდან გაეყვანა. მას უარი უთქვამს, შემდეგ უმცროსისთვის უთხოვია, შენ მაინც წამომყევიო და ისიც გაჰყოლია. ვენახებია ჩვენს სოფელში, იქ ერთი ძირი დიდი მუხა დგას, იქ მიიტყუა ბავშვი და გააუპატიურა. ბავშვს დაზიანებები ეტყობა, პატარა, გამხდარი გოგონაა, რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია იმ მხეცისთვის. თურმე ბოლოს გამოექცა და იმ გარეწარს იქვე ჩასძინებია. ბავშვი სახლში გაფითრებული დაბრუნებულა. მერე უფროსი დისთვის მოუყოლია ყველაფერი“,- აცხადებს ბახტაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, დამნაშავემ მომხდარი უტიფრად უარყო და დაზარალებულის მამასაც კი შეუტია.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში 10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ პეტრე ფაილოძეს 5-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პეტრე ფაილოძე მრავალჯერ ნასამართლევია. ის 4 თვის წინ ციხიდან შეწყალებით გამოვიდა.