„პატიმრის წამების სკანდალური საქმე, რომელმაც შესაძლოა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადაიყოლოს“
პატიმრის წამების სკანდალური საქმე“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“. ირკვევა, რომ პატიმარ გიორგი მილაშვილს მაყურებლები ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის აღიარებას სთხოვდნენ, რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ. გამოცემა ამ საქმის დეტალების შესახებ წერს.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით: “2015 წლის პირველ იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #17 დაწესებულების მე-5 სარეჟიმო კორპუსში მოთავსებულმა მსჯავრდადებულებმა #50 საკანში მოთავსებული მსჯავრდადებული გიორგი მილაშვილი ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარებისა და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით, შეიყვანეს ამავე კორპუსის #53 საკანში. გიორგი მილაშვილის მიერ აღნიშნული ფაქტის უარყოფის შემდეგ აწამეს ის, რა დროსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ მათ გიორგი მილაშვილის მიერ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფაქტი შეატყობინეს პირველ სარეჟიმო კორპუსში მოთავსებულ მსჯავრდადებულებს (მაყურებლებს) – ლევან შეყლაშვილს და თენგიზ ესართიას.
გამოძიების მტკიცებით, შეყლაშვილმა და ესართიამ ისარგებლეს დაწესებულების დირექტორის მიერ მათთვის უსაფუძვლოდ მინიჭებული უპირატესობით. დადგენილი სარეჟიმო მოთხოვნის მიუხედავად, დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ პირველი კორპუსიდან მე-5 სარეჟიმო კორპუსში, სადაც #53 საკანში მსჯავრდებულები ახორციელებდნენ გიორგი მილაშვილის წამებას.
ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, სხვებთან ერთად, მილაშვილს კვლავ მოსთხოვეს, ეღიარებინა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა და დაესახელებინა თანამშრომლობაში ჩართული სხვა პატიმრების გვარებიც. მას შემდეგ, რაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს, გიორგი მილაშვილი შებოჭეს, მუცელზე აუწიეს ტანსაცმელი და დააწვინეს იატაკზე, რის შემდეგაც ლევან შეყლაშვილმა ცეცხლი წაუკიდა საკანში მოძიებულ პოლიეთილენის პარკებს და მისი ჩამონაღვენთით მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა მრავლობითი თერმული დაზიანება. შიშველ სხეულზე ცხელი ჩამონაღვეთის დაწვეთებით მსჯავრდადებულები კვლავ მოითხოვდნენ გიორგი მილაშვილისგან, ეღიარებინა ადამინისტრაციასთან თანამშრომლობა. მას ასევე წყლით სავსე სათლში ჩააყოფინეს თავი, ხოლო, როდესაც ის დახრჩობის ზღვარზე მივიდა, შეყლაშვილმა მისცა ამოსუნთქვის საშუალება და კვლავ მოითხოვა, ეღიარებინა თანამშრომლობის ფაქტი.
ყოველ უარყოფით პასუხზე წყლით სავსე სათლში აყოფინებდა თავს და ცდილობდა, მისგან მიეღო აღიარება. ამავდროულად, ხსენებულმა მსჯავრდადებულებმა სხვადასხვა ბლაგვი საგნებით კიდურებზე მრავალჯერადი დარტყმებით მილაშვილს მიაყენეს ძლიერი დაზიანებები, ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა კი ბასრი საგნის გამოყენებით ხელისა და ფეხის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები”.
ასე გამოიყურება ბრალდება, რომელიც გამოძიებამ ზემოხსენებულ პატიმრებს წარუდგინა. ისინი ამჟამად სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. რაც შეეხება ციხის დირექტორს, გიორგი ელიზბარაშვილს, მისი საქმე ცალკე გამოიყო და მას მინიმალური სასჯელი – 6-თვიანი პატიმრობა „არგუნეს“.
ციხის დირექტორის დაპატიმრების დღესვე თანამდებობიდან გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი ზურაბ ასანიშვილი, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, პატიმრის წამების ამ სკანდალურმა საქმემ შესაძლოა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადაიყოლოს.
“საქმის მასალების ობიექტური შესწავლით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელიზბარაშვილი, უბრალოდ განტევების ვაცია და საქმეში გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გახარია“, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან ჯერაც არ განთავისუფლებულა.
„ცნობილია, რომ სამინისტრომ დაიწყო რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტონომიურობას და, სავარაუდოდ, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, თუმცა ექსპერტები მღებრიშვილის უწებას რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ“,- წერს გამოცემა.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი “პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ სწორედ დეპარტამენტის განუსაზღვრელი უფლებები გახდა მიზეზი, რის გამოც მან უწყებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.