რუსეთი დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობს
“რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული 4 600-მდე ქართველი რუსეთის ხელისუფლებისგან კუთვნილ კომპენსაციას კიდევ რამდენიმე წელი ვერ მიიღებს”,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ რუსეთმა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში წააგო და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა. მხარეებს კი კომპენსაციის ოდენობასა და გადახდის წესზე მოსალაპარაკებლად ერთწლიანი ვადა მისცა, რომელიც 3 ივლისს იწურება.
როგორც “რეზონანსი” ქართველ იურისტებზე დაყრდნობით წერს, 3 ივლისს ოფიციალურად გახდება ცნობილი, რომ რუსეთი კომპენსაციის ოდენობის შეთანხმებაზე უარს ამბობს.
“თუ კომპენსაციის საკითხზე საქართველო და რუსეთი ვერ შეთანხმდებიან, კომპენსაციის ვადასაც და გადახდის დროსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო თვითონ დაადგენს, მაგრამ ამისათვის სასამართლოს ქართულმა მხარემ ხელახლა უნდა მიმართოს. ამის შემდეგ მთელი პროცესი, საჩივრის ხელახალი გნხილვა თავიდან უნდა დაიწყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპენსაციის თემა კიდევ ბევრი წლით გაიწელება”,- აცხადებენ იურისტები გაზეთთან საუბრისას.
ამავე გამოცემის ცნობით, ევროპულ სასამართლოში კომპენსაციის თანხის სტანდარტი არ არსებობს. უშუალოდ კი არაადამიანური მოპყრობისთვის სასამართლო პრაქტიკა ერთ პირზე 3-დან 7 ათასამდე ევროს კომპენსაციას ითვალისწინებს, ხოლო პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია 20-დან 40 ათას ევრომდე მერყეობს.
როგორც “რეზონანსთან” ინტერვიუში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე აცხადებს, რუსეთი არცთუ მოხარულია ხოლმე სტრასბურგის გადაწყვეტილებები აღასრულოს.
“თუკი რუსეთი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს, როგორც კი 3 ივლისი გავა, საქართველომ უნდა მოითხოვოს, რომ თავად ევროპულმა სასამართლომ დააკისროს რუსეთს კომპენსაციის გადახდა. ამ შემთხვევაში ევროპულ სასამართლოს მოუწევს კომპენსაციის ოდენობაზეც თავად იმსჯელებს და ცალსახად თქვას რა თანხას დააკისრებს რუსეთს”, – აცხადებს აბაზაძე.