„გოგა ონიანი თავში ბოტასებს მირტყამდა“
ორთაჭალის N 5 საპყრობილის ოპერატიული მორიგის ყოფილი თანაშემწე ზაზა ცინცაძე, 2006 წლის 1 თებერვლის ღამეს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ იხსენებს. როგორც ზაზა ცინცაძე აცხადებს, ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ღამით ციხიდან პრივილეგირებული პატიმრები გაჰყავდათ და ზოგი რესტონაში მიჰყავდათ საქეიფოდ, ზოგი გოგირდის აბანოში, ზოგს კი ღამღამობით სახლში უშვებდნენ. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, მას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გოგა ონიანთან შელაპარაკება მოუვიდა და ერთმანეთისკენ საცემრადაც კი გაიწიეს.
„ონიანი მიყვიროდა- შენ ვინ გეკითხება, რასაც გეუბნებიან, ის გააკეთეო! ეტყობა ეს დაუმორჩილებლობა არ მაპატიეს და ამ შელაპარაკებიდან დაახლოებით ორ კვირაში პროვოკაცია მომიწყვეს. ჩემი ახლობელი იყო პატიმარი გიორგი ათაბეგაშვილი და მისმა მეუღლემ მთხოვა – ჩემს მეუღლეს ამანათი შეუტანეო… მე ავედი ჩემს დაწესებულებაში – გარე სამსახურში, მივედი თანამშრომლებთან, ოფიციალურად ჩემი პირადობით გადავაფორმე ამანათი და შესამოწმებლად მივეცი რიგით კონტროლიორს. ამოიღეს ბოტასები, რომელთაგან ერთი დაგლიჯეს და დახიეს, ხოლო მე იქვე დამეტაკნენ ციხის თანამშრომლები და დამაკავეს – ამანათში წამალი დევსო. მე არაფერი დამინახავს, რაღაც თეთრი ფურცელი ეჭირათ ხელში და ამანათიდან ამოიღეს თუ თავად ჰქონდათ ის ფურცელი, არ ვიცი. ამის შემდეგ შემიყვანეს იქვე მდებარე ოთახში, სადაც თურმე მელოდებოდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები. მომაწოდეს კალამი და ფურცელი და მიბრძანეს – დაწერე, რომ იცოდი ამანათში „წამლის“ არსებობის შესახებ და დანაშაულს გაპატიებთო. ოთახში იყვნენ ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნუგზარ ჩიკვილაძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე გიორგი ონიანი“, – აცხადებს ზაზა ცინცაძე. მისი თქმით, მას გოგა ონიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მაგიდაზე ბოტასები იდო და გოგა ონიანმა ის ჩამარტყა თავში! რომ შევეპასუხე, რატომ მირტყამ-მეთქი? – ონიანმა, ჩიკვილაძემ და კიდევ ერთმა დამიშვეს.. მირტყამდნენ მუშტებს… ოთახში თხუთმეტი თანამშრომელი მაინც იქნებოდა… მაგრამ ეს სამი მცემდა. მაგიდიდან რომ წამოვდწექი, მერე მაგიდით მიპირებდნენ კედელზე მისრესვას“, – ამბობს ციხის ყოფილი თანამშრომელი.