საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. იუოზას ოლეკასი ავღანეთიდან ლიტვაში ბრუნდება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ პროგრესს შეეხო. თინათინ ხიდაშელმა იუოზას ოლეკასთან თავდაცვის მინისტერიალის წინ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა.
„გავცვალეთ მოსაზრებები იმ, პირობითად დავარქვათ, საგზაო რუკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიერ ვარშავის სამიტამდე მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ლიტველ კოლეგასთან შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ლიტვა ჩვენი მეგობარია, მხარდამჭერია, გვერდში უდგას საქართველოს მუდმივად და ამჯერადაც ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება“, – განაცხადა მან. შეხვედრას ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ლიტველმა სტუმრებმა თინათინ ხიდაშელს იუბილე ლიტვურ ენაზე შესრულებული სიმღერით მიულოცეს. თავდაცვის მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.