დავით უსუფაშვილი: შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს
შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„კოალიციაში სერიოზული ცვლილების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, მინისტრთა კაბინეტში ორი რესპუბლიკელის დაწინაურების პოლიტიკური ვაჭრობად შეფასებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ვისაც სურს, მსჯელობას ვაჭრობა დაარქვას.
„თუ არ ვიმსჯელებთ, გარკვეულ თანამდებობებზე ვისი დანიშვნაა უმჯობესი, ან რომელი კანონი უნდა მივიღოთ ახლა და რომელი გადავდოთ, არაფერი გამოვა.
ვთქვათ, ბაზარში შეხვედით და ახალი წლისთვის ინდაურს არჩევთ. რამდენიმე გამყიდველთან საუბრის შემდეგ არჩევანს ხომ იქიდან გამომდინარე აკეთებთ, რამდენი გაქვთ ჯიბეში ფული და როგორ გამოიყურება ეს ინდაური? ანუ, ამ დროს ვაჭრობთ თუ ცდილობთ თქვენთვის სასურველ სიკეთეს მიაღწიოთ? ეს არის პოლიტიკა, აბა, რისთვის ვსხედვართ აქ, თუ არ ვცდილობთ, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ?! მთავრობის დაკომპლექტებაც ასეთი ჯანსაღი კოალიციური მსჯელობის შედეგად მოხდა.
მსგავსი ტიპის შანტაჟი ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. ვინც რესპუბლიკურ პარტიასთან რაიმე ტიპის გაერთიანებაში ყოფილა, დამერწმუნება, რომ სიტყვა უკან არასოდეს წაგვიღია და არც ფანჯრიდან გავპარულვართ ოდესმე.
გვინდა, სანდო და საიმედო პარტნიორები ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავთანხმდებით. ჩვენი მიზნები გვაქვს, რომელსაც მაგიდაზე ყოველთვის წინასწარ ვდებთ და ეს პარტნიორებმაც კარგად იციან.
ყველა კოალიციასა და გაერთიანებაში საკუთარი პრიორიტეტებით შევდივართ. თუ დავინახავთ, რომ ჩვენი მიდგომები არ აინტერესებთ, იქ არ გავჩერდებით. როგორც კი სააკაშვილმა ყველა ჩვენი პრიორიტეტი გადახაზა, 2004 წლის ივნისში მისი გაერთიანება დავტოვეთ. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს სააკაშვილი თეთრ ცხენზე იჯდა და მთელი საქართველო და მსოფლიო ტაშს უკრავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.