თეა წულუკიანი: მე არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას არ უთქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოში დღის წესრიგიდან მოიხსნება. მისი განმარტებით, ეს საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში  იქნება იქამდე, სანამ სააკაშვილი კანონის წინაშე არ აგებს პასუხს.
“მე არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოში დღის წესრიგიდან მოიხსნება, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, პირიქით, ეს საკითხი დღის წესრიგში არის და დარჩება მანამდე, სანამ იგი პასუხს არ აგებს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე. ეს არ იყო ჩემი სიტყვები, მე ვთქვი, რომ შანსები მცირდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი უკრაინაში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინელ კოლეგასთან, პავლო პეტრენკოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. როგორც წულუკიანმა განაცხადა, სწორედ ზემოაღნიშნულის გამო მასსა და პეტრენკოს შორის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
“რაც შეეხება ვიზიტს, მე გუშინ დავბრუნდი კიევიდან, მქონდა საპასუხო ვიზიტი, რადგან ბ-ნი პავლო პეტრენკო ბრძანდებოდა ჩვენთან ჩვენი მოწვევით სტუმრად მოადგილეებთან ერთად, რომელთა შორის არ იყო გია გეწაძე. მან მე საპასუხო ვიზიტით მიმიწვია უკრაინაში. ბ-ნი გეწაძე მართალს ბრძანებს, რომ ოფიციალურ შეხვედრებს როგორც პეტრენკოს მე-6 მოადგილე ისე ესწრებოდა და თუ არ ვცდები აბარია პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები და არა ის რეფორმები, რასაც პეტრენკოს სხვა მოადგილეები წარმატებით ასრულებენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები