მიხეილ სააკაშვილი ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზე: ზოგი ივარგებს, ზოგი არა
ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა, ახალი შემართება – ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი წევრის წასვლას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი ჰყავს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა.
“არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში – მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე, ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. ახალი ვიცი კარტოფილი. თავისთავად თვითმიზანი ეს არაა. ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა ახალი შემართება. საქართველოში გვყავს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი, უბრალოდ მათ უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა და ახალი ხალხიც შემოუერთდება. ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხისთვის აქტუალური არ არის საკითხი ვინ რატომ დატოვა პარტია. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა.
“პროვინციულ ჭაობში რომ ვიხარშებით, პატარა პოლიტიკურ ინტრიგებში, ყველას გვგონია, რომ ვაიმე, რა მოხდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ამაზე ფიქრობს, ნამდვილად არა. ქართველი ხალხი დღეს ფიქრობს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე, ლუკმა-პური როგორ მოიტანოს სახლში. რაში აინტერესებს, ვინ რომელ კაბინეტში იქნება. ეს არც აქ აინტერესებს ხალხს უკრაინაში, არც ქართველ ხალხს და არც არც ერთ ნორმალურ ხალხს მსოფლიოში. ეს ჩვენ, პოლიტიკაში ვინც არის, იმათ ჰგონია, რომ მსოფლიო მათ გარშემოა და მათი ყოველი წარბის აწევა, მოძრაობა იმხელა მოვლენაა, ყველამ ამაზე უნდა იფიქროს. ხალხი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და პოლიტიკოსებიც თუ მეტს ილაპარაკებენ ხალხის პრობლემებზე, მით უფრო მეტად ექნებათ ხალხის დროებითი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მუდმივი მხარდაჭერა არ არსებობს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.