ნინო ბურჯანაძე: პოროშენკომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს

მსგავსი სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ისტორიაში უბრალოდ არ მახსოვს – ასე აფაასებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება ქართველი ხალხისთვის სილის გაწნა და შეურაცხყოფაა.
“სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო, ქართველი ხალხის თავმოყვარეობა, საქართველოს ავტორიტეტი და მისთვის მთავარია თავად იყოს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მეტი ფინანსური და სხვა ტიპის გარანტიები მიიღოს. ეს ჩემთვის უცხო არ არის, ეს არის სამარცხვინო საქართველოსთვის. მე მსგავსი სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ისტორიაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს უბრალოდ შეურაცხყოფა, სილის გაწნაა და მაპატიოს ჩვენმა მოსახლეობამ, შეფურთხებაა მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს, თავისი ქვეყნის, თავისი სამშობლოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი ხდება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი სააკაშვილის ნაბიჯს ვინც დადებითად აფასებს, მათ ერის ავადმყოფ ნაწილს უწოდებს.
“საქართველოში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სულელურ თეორიებს აყალიბებენ და ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვის კარგია, ასეთი ადამიანები არიან ავად. ადამიანები, რომლებიც ელემენტარულად ვერ აზროვნებენ იმდენად აქვთ ტვინი მოწამლული და კიდევ კარგი, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან საქართველოში. ეს არის ნამდვილად სამწუხაროდ, ერის ავადმყოფი ნაწილი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისთვის ისევეა შეურაცხყოფაა, როგორც ქართველებისთვის. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამ ნაბიჯით ქართველებს მიაყენა შეურაცხყოფა.
“რაც შეეხება თავად უკრაინას, მე ძალიან დიდი პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ოდესელებს ნამდვილად თანავუგრძნობ, რომ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს და ასეთი ხელმძღვანელი დაუნიშნეს. უნდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ნამდვილად არის ქართველი ხალხის მეგობარი, ისევე როგორც ქართველები არიან უკრაინელების მეგობრები, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება და ბატონი პოროშენკო ნამდვილად ვერ ჩაითვლება საქართველოს მეგობრად. მან თავის მხრივ, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს. სულ რომ ჭკუიდან გადასულიყო სააკაშვილი და რაც არ უნდა დათანხმებოდა, პოროშენკოს არ უნდა მოეყენებინა ქართველი ხალხისათვის ასეთი შეურაცხყოფა, რომ მათი ყოფილი პრეზიდენტი თავის ხელქვეითად, პრემიერის ხელქვეითად და უამრავი სხვა ე.წ. უფროსის ხელქვეითად დაენიშნა. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის და მეძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოსახლეობას და პირდაპირ გვითხრა, რომ ის ჩვენ არ გვთვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არ გვთვლის პატივისცემის ღირსად”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები