პრემიერ-მინისტრი: დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე
ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, ისე როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, ისე, როგორც ღირსეულ პოლიციელებს ეკადრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი.
„ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლოა ის, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით და დღეს შეგვიძია ამაყად ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, ისე როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, ისე, როგორც ღირსეულ პოლიციელებს ეკადრება.
ჩვენ უკვე მესამედ აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს. ეს დღეც სიმბოლურად ავარჩიეთ პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი შნაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა სწორედ მაისის თვეში. მე მინდა გავიხსენო, პირველი მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელსაც იცნობდნენ როგორც რკინის მინისტრს. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. ის იყო ღირსეული პოლიციელი, რომელიც აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ გავაძლიეროთ სახელმწიფო, კიდევ უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში მოხერხდა შიდა კლანებად დაშლილი სამინისტროს გაერთიანება, რაც ახალმა მინისტრებმაც გააგრძელეს.
„ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე ახალმა მინისტრებმა გააგრძელეს პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ერთი ოჯახის პრინციპს. ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე ნაწილად, შიდა კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ. ეს არის უმთავრესი, რომ სისტემა იყოს ერთიანი, მთლიანი და ძლიერი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პირადი ინტერესების გამო სისტემის დასუსტება. სისტემას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც მომართავს სისტემას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.