ვახტანგ გომელაური: ქართული პოლიცია არის უსაფრთხოების გარანტი

საქართველოს პოლიცია დღეს საზოგადოებაზე ორიენტირებულ, თანამედროვე, დეპოლიტიზებულ, ეფექტიან და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შს მინისტრმა სამართალდამცველებს მიმართა და მათ პოლიციელის დღე მიულოცა.
“ქუთაისი, რომელიც ქართველთა საუკუნოვან გმირობას მეცნიერებისა და განათლების,სულიერებისა და ეროვნული სიმტკიცის სიმბოლოს წარმოადგენს, დღეს საქართველოს პოლიციელის დღეს მასპინძლობს. სწორედ ქუთაისიდან მინდა ვუთხრა ყველას, ქართული პოლიცია არის უსაფრთხოების გარანტი. თქვენ ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდეს და უსაფრთხოებას იცავთ და სწორედ ამიტომ, ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ერთ-ერთ მის გამოსვლაში, სწორედ დღევანდელობის მონაპოვარია, რომ პოლიციელები თავის მოვალეობას მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით ახორციელებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, დღეს დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს.
„დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა დღეს ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, ისე როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება. საქართველოს პოლიცია დღეს საზოგადოებაზე ორიენტირებულ, თანამედროვე, დეპოლიტიზებულ, ეფექტიან და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები