ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის კანონზე პრეზიდენტმა შესაძლოა, ვეტო გამოიყენოს
პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური სფეროს ექსპერტებთან 27 მაისს გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მიმართ ადმინისტრაციის უკმაყოფილება არ დამალა.
შეხვედრაზე, სადაც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი განიხილებოდა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად წინააღმდეგია აღნიშნული ცვლილების განხორციელების და კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
როგორც შეხვედრაზე გამოჩნდა, ექსპერტების უმრავლესობა პრინციპულად წინააღმდეგი არ არის, თუ ეროვნულ ბანკს მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა კი არა, დამოუკიდებელ სტრუქტურად მთლიანად საფინანსო ზედამხედველობა გამოეყოფა, ანუ შეიქმნება იმის მსგავსი მოდელი, როგორიც საქართველოში 2008 წელს არსებობდა. ექსპერტებს შორის გამართული დისკუსიის შედეგად გაქარწყლდა მოსაზრება, რომ თითქოს საბანკო ზედამხედველობა იმიტომ დაუბრუნეს ეროვნულ ბანკს, რომ ეს შეცდომა იყო.
როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მაშინ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს იმიტომ კი არ დაუბრუნეს, რომ თავად გამოყოფა იყო შეცდომა, არამედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ექსპერტების უმრავლესობა და მათ შორის ეროვნული ბანკის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვატო ლეჟავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემურ გიორხელიძემ და სანდრო თვალჭრელიძემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დატოვეს შეხვედრა, რადგან მათი განცხადებით, სხდომაზე ნინო ევგენიძის მხრიდან გიორგი ქადაგიძის ლობირება და “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის მხარდაჭერა-პროპაგანდა მიმდინარეობდა.