„სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საარჩევნო ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები“

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას უახლოეს ხანში საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს შესთავაზებს.
როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესის არაკონსტიტუციურად ცნობით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა – მაჟორიტარული არჩევნები.
„მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შესული იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. განხილვის შედეგად სასამართლომ ის ნორმები, რომლებიც ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს და ავტომატურად აბამს ოლქებს მუნიციპალიტეტების საზღვრებს, ჩაითვალა არაკონსტიტუციურად, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი ილახება – სხვადასხვა რაოდენებსა და ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეების ხმის წონა განსხვავდება ერთმანეთისგან 20-ჯერ, 25-ჯერ და ა.შ”, – განაცხადა უსუფაშვილი.
როგორც პარლამენტის ტავმჯდომარემ განმარტა, გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა – მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში. მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში არის კონსტიტუციით დადგენილი ნორმა.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ეს დებულებები საარჩევნო კოდექსში ფიგურირებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს სისტემა შემოღებული იყო წინა რამდენიმე ხელისუფლების მიერ. ჩვენ, კოალიცია “ქართულ ოცნებას” ამ საკითხზე გვქონდა მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი არის გასასწორებელი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს –ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი ადეკვატური გადაწყვეტილებები, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის განწყობებს იმისთვის, რომ არჩევნები იყოს უფრო და უფრო სამართლიანი, თანასწორი და პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებულად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად სცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები