„მერიას ძალიან გაუჭირდება იმის დასაბუთება, თუ რატომ სჭირდება მერს ამდენი მრჩეველი“
„ბატონ ნარმანიას რომ რჩევა ესაჭიროება, ეს უდავოა, მაგრამ აქ საუბარი უნდა იყოს ხარისხზე და არა რაოდენობაზე“,- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, რომლის მიხედვითაც მერს 5 მრჩევლის დანიშვნა სურდა, ჩააგდო. როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა განაცხადა, არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც მერია შეძლებს, დაასაბუთოს, თუ რატომ სჭირდება ამდენი მრჩეველი დედაქალაქის მერს. ამის მიუხედავად, ვეკუა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოს კვლავ დაუბრუნდება და უმრავლესობა შეეცდება, პროექტი კენჭისყრით დაამტკიცოს.
„დედაქალაქის მერიამ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის კორექტირება, რატომ უნდა დაემატებინა მერს მრჩევლები. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთსულოვანი იყო. ნარმანიას დედაქალაქის და ოჯახის ბიუჯეტი აერია და ჰგონია, რომ ყველაფერს თვითონ წყვეტს, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე დანიშნავს. ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ბევრმა წევრმაც არ დაუჭირა მხარი და მათ სხდომა დატოვეს. ამ მოთხოვნის დასაბუთება დედაქალაქის მერიას ძალიან გაუჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში ისევ შემოვა და უმრავლესობა ალბათ ეცდება, რომ კენჭისყრის შედეგად ეს საკითხი გაიტანოს“,- აღნიშნა ზაზა ვეკუამ.
ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ მერია და მასთან ერთად დედაქალაქის გამგეობები აუთვისებელი ბიუჯეტის გამოც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ თანხებიც და მუშახელიც არსებობს, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით თანხების ათვისება ვერ ხერხდება.
„პირველ კვარტალში დედაქალაქის ბიუჯეტის 44 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ეს ჩვენთვის მიუღებელია. არსებობს თანხები, მუშახელი, ყველანაირი მზაობა, თუმცა არ არსებობს პროფესიონალიზმი, საქმის ერთგულება, რის გამოც თანხის ათვისება ვერ ხდება. ეს ხდება მერიაშიც და გამგეობებშიც – შიდა გზების მოპირკეთება და გაკეთება გამგეობებს 20-40% აქვთ ათვისებული. არსებობს თანხა, ფირმები, მუშახელი, მასალა, მაგრამ ვერ გეგმავენ იმას, რომ ესა თუ ის ქუჩა გააკეთონ. დედაქალაქის გამწვანების კუთხით ბიუჯეტი მხოლოდ 12-13% არის ათვისებული“,- განაცხადა ზაზა ვეკუამ.