„შეუძლებელია საქართველომ მტერს აჯობოს რამით, გარდა ელიტური ჯარისა და განათლებული თაობისა“
თავდაცვის მინისტრი გორში, თავდაცვის აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანი თარიღია აკადემიისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მტერს მხოლოდ ელიტური ჯარით და განათლებული თაობით აჯობებს.
შეუძლებელია, საქართველომ აჯობოს მტერს რამით, გარდა ელიტური ჯარისა, გარდა განათლებული თაობისა და განსაკუთებული ახალგაზრდებისა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში, თავდაცვის აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
“22 წელი არ არის დიდი დრო, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება მთელი ისტორია იყოს. ჩვენ შემთხვევაში, სწორედ მთელი ისტორიაა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ისტორიაა, რომელიც იყო წინააღმდეგობებით სავსე. ეს სკოლაც სწორედ ამ წინააღმდეგობების ნაწილია – რთული მაგრამ საამაყო ისტორიის. ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სამხედრო განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტია. შეუძლებელია საქართველომ აჯობოს მტერს რამით გარდა ელიტური ჯარისა, გარდა განათლებული თაობისა, რომლებიც მზად არიან საკუთარი პროფესიონალიზმით, საკუთარი განათლებით, განსაკუთრებული შესაძლებლობებით ტოლი არ დაუდონ არავის და გაიმარჯვონ ყველა რთულ ბრძოლაში. ეს სკოლა სწორედ ამის დასტურია. აკადემიის კურსდამთავრებულთა ღვაწლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული და ფასდაუდებელია. ამაზეც ითქვა და პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც საკუთარი თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. აკადემია იუნკერთა სკოლის ღირსეული შთამომავალია. შეიარაღებული ძალების სამხედრო ელიტა აქ ყალიბდება, აქ იზრდება ის თაობა, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს ძლიერ წარმატებულ ქართულ ჯარს”, – განაცხადა ხიდაშელმა.