მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია დიალოგი არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის, რომელიც მიმდინარეობს
ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
მაია ცქიტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების მმართველობის ორ წელს ეხება, საქართველოს მთავრობის კომენტარებს წარმოადგენს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგი არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის, რომელიც მიმდინარეობს.
ცქიტიშვილის განცხადებითვე, ძალიან დადებითი ტენდენციაა, რომ არასამთავრობოებმა შექმნეს კოალიცია იმისათვის, რომ შეედგინათ ვრცელი ანგარიში. რაც შეეხება მთავრობის მიერ მომზადებულ კომენტარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე, აქ ასახულია ის კომენტარები, რაშიც მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციებს.
“ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ წინასწარ განგვეხილა ეს ანგარიში, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები და ჩვენც ასევე მოვამზადეთ ეს კომენტარები ამ ანგარიშზე”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.