გიგლა აგულაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები განმარტა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის N198 ბრძანება – საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ, მინისტრის განცხადებით არ გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით გიგლა აგულაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას და კონსულტაციებს სთავაზობს. 2014 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის: ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას; ბ) გარემოში ინტროდუქციის აკრძალვას; გ) საბაზრო ქსელში განთავსებას; დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას. საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კულტივირებას/დათესვას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კრძალავს. „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონის IV თავის 18-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას და ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას“. 2015 წლის 24 აპრილის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №198 „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“ მიზნად ისახავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცებას, რომლებიც ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარზე განთავსებისათვის (არა კულტივირებისთვის). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №727 დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ხდება: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით“. ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ავტორიზებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ავტორიზაციამდე ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურიი (EFSA) მიერ, მკაცრ შემოწმებას გადიან, შესაბამისად ამ ორგანიზმების მხრიდან მომდინარე საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.