ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის დირექტორმა შაო სიაო ძინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადად 30 წელი განისაზღვრა.

როგორც “კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, თიზ-ი ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩაზე მისთვის გამოყოფილ 359251.00 კვ.მ ტერიტორიაზე. თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე.

„ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაფართოებისა და განვითარების კუთხით. ეს არაერთხელ გამოიხატა და დაფიქსირდა კიდეც ჩვენი სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ინვესტორი, რომელიც შარშან, მესამე კვარტლის მონაცემებით, იყო ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მზად არის, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად განხორციელდება 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციები თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება როგორც თიზ-ის ორგანიზატორის (ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწყობის დასასრულებლად), ასევე, უცხოელი ინვესტორების მიერ, წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ხე-ტყისა და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის (მათ შორის, საოფისე) წარმოება, ქაღალდის წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება – მათ შორის მეტალო-კონსტრუქციების; დსპ-ს, მდფ-ის, კარ-ფანჯრების, პარკეტის წარმოება და სხვა; ასევე ბუნებრივი ქვებისა და ნედლეულის გადამუშავება სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მიზნებისთვის (ქვის ბლოკები, მოსაპირკეთებელი მასალა, კრამიტი, აბაზანის მოწყობილობები, ქვის ავეჯი და სხვა); გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ ტექსტილის, ქიმიური, კვების პროდუქტების, საკანცელარიო საქონლის და მინის პროდუქციის წარმოებაში. ქუთაისში, კომპანია „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის მიერ, მის საკუთრებაში არსებულ როგორც თიზ-ისთვის განკუთვნილ, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განხორციელებულია ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე წარმოების ხელშეწყობისთვის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეაბილიტირებული და აშენებულია გზები, მოწესრიგებულია ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, გაზმომარაგებისა და საკანალიზაციო-სანიაღვრე ინფრასტრუქტურა, შეძენილია შესაბამისი ტექნიკა და მოწყობილობები (ტრანსფორმატორები, ელექტროგამანაწილებელი ყუთები, წყლის მილები).

მათივე ინფორმაციით, აშენდა ღობე და მოეწყო საბაჟო გამშვები პუნქტი, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 20 ძველ შენობა-ნაგებობას. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი, რკინის კონსტრუქციებისა და მატრასების დამამზადებელი საწარმოები.

დამატებითი ინფორმაცია: თიზ-ის ორგანიზატორი/ადმინისტრატორი – GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD არის სინძიანის „ჰუალინგ ჯგუფში„ შემავალი კომპანია, რომელსაც საქართველოში აქვს როგორც უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის, თბილისის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, ხე-ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის“ აქციების 90%-ს). „ჰუალინგ ჯგუფი“ ასევე ფლობს ხე-ტყით სარგებლობის და დამზადების, გამარმარილოებული კირქვისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს. საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ 4 საწარმო მუშაობს. „ჰუალინგ ჯგუფს“, როგორც ჩინეთში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში განხორცილებული აქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში (უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, სასტუმროს ბიზნესი, ნახშირის მოპოვება-გადამუშავება, ლოჯისტიკა). დღეისთვის, საქართველოში ოპერირებს „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი 15-ზე მეტი კომპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები