“უზენაეს სასამართლოში იქმნება პალატა, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს გადახედავს“
„უზენაეს სასამართლოში იქმნება პალატა, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს გადახედავს“,- აღნიშნული განცხადება „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კობაიძის განმარტებით, ეს პალატა, პირველ რიგში, ქონებაჩამორთმეული ადამიანების საქმეებს, უკანონო მსჯავრდებულებს და ყველა იმ ტიპის საქმეს შეეხება, რომელი პირიც თვლის, რომ წინა რეჟიმის მსხვერპლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ის საქმეების განხილვას შეუდგება.
„ვისაც კი პრეტენზია აქვს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიმართოს ამ უწყებას. ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის კუთხით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დღეს განცდა აქვთ, რომ სამართლიანობა არ აღდგა, უკანონოდ გაასამართლეს, ქონება უკანონოდ დაათმობინეს და ა.შ. სწორედ ეს უწყება უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს და საქმეებსაც გადახედავს.
რაც მთავარია, აღნიშნულ დეპარტამენტთან მოხდება პროკურატურის კოორდინაცია. პროკურატურა მოქალაქის მიმართვის საფუძველზე მტკიცებულებებს თავად წარუდგენს და, შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებს ერთობლივად გადახედავენ.
მოგეხსენებათ, რომ პროკურატურაში შექმნილია ახალი დეპარტამენტი, თუმცა ამ დეპარტამენტს ის ფუნქცია არ აქვს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას გადახედოს. სწორედ ამის საპირწონედ იქმნება აღნიშნული უწყება. ახალი სტრუქტურა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.