„პარლამენტი დღეს იმდენად უსუსურია პროკურატურის წინაშე, რომ კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არ აქვს“

„დარწმუნებული ვარ, რომ საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმას მოახდენს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

კორძაიას განცხადებით, პარლამენტის მხრიდან პროკურატურაზე გავლენა უნდა გაძლიერდეს. დეპუტატის განცხადებითვე, პარლამენტი უნდა იყოს ის ორგანო, რომელსაც ასევე გადამწყვეტი ხმა ექნება მთავარი პროკურორის დანიშვნის დროს. კორძაიას თქმით, პროკურატურა დღეს წარმოადგენს ორგანოს, რომლის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული არავის წინაშე არ არის.

„პროკურატურის რეფორმის კონცეფცია მზადდება და მალე საჯარო განხილვის თემა გახდება. პროკურატურის რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროკურატურა დღეს ყველანაირი კონტროლისგან არის გამოსული. ის არ არის გამჭვირვალე დაწესებულება, მთავარ პროკურორს ანგარიშვალდებულება არავის წინაშე არ აქვს. პარლამენტი იმდენად უსუსურია პროკურატურის წინაშე, რომ კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არ აქვს. მთავარი პროკურორის მოწვევა და დაბარება შეიძლება, ზოგადად, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, ისიც სესიაზე. კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც პროკურატურასთან მიმართებაში გატარდა, საბოლოო არ იყო. პროკურორის დამოკიდებულება იუსტიციის მინისტრის მიმართ შემცირდა, მაგარამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ამ ცვლილებას უნდა მოჰყოლოდა ის, რომ სხვა უწყების წინაშე ყოფილიყო ანგარიშვალდებული და მისი გამჭვირვალობა არ უნდა შეზღუდულიყო. ჩვენ გვექნება მოდელი, სადაც პროკურატურის გამჭვირვალობის ხარისხი საკმაოდ გაიზრდება და ისეთი დახურული ტიპის დაწესებულება არ იქნება, როგორიც დღეს არის. იმ ვერსიებში, რაც მუშავდება, პარლამენტი პროკურატურასთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვანი სუბიექტია. სასურველია მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში გადამწყვეტი ხმა პარლამენტს ეკუთვნოდეს“,- აღნიშნა კორძაიამ.

რაც შეეხება პოლიციის რეფორმას, დეპუტატის განცხადებით, აქ მნიშვნელოვანია, რომ უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურები საპოლიციო სამსახურებს გამოეყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები