საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ავსტრიის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საუბრისას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰაინც ფიშერს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოსათვის გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში კონკრეტული შედეგების დემონსტრირებით. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები